Huawei-ს ფინანსურმა დირექტორმა კანადის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა

25

Huawei-ს ფინანსურმა დირექტორმა მენ ვანჩჟოუმ, რომელიც ვანკუვერში 2018 წლის დეკემბერში დააკავეს, კანადის ხელისუფლებას, კანადის სასაზღვრო სამსახურს და ნაციონალურ პოლიციას სასამართლოში უჩივლა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საჩივარი კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციის იმაღლეს სასამართლოში 1 მარტის თარიღით არის შეტანილი. სასამართლოში ვანჩჟოუს ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია Gudmundseth Mickelson LLP იქნება.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ვანჩჟოუს კონსტიტუციური უფლებები დაირღვა 1 დეკემბერს, ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტში, რომ მესაზღვრეებმა იგი უკანონოდ დააკავეს, გაჩხრიკეს და დაკითხეს. ტოპ-მენეჯერი მოითხოვს, დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამ უკანონო ქმედებებთან.

კანადის იუსტიციის სამინისტრომ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ დაწყებულია ვანჩჟოუს აშშ-ში ექსტრადიციის საკითხის განხილვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მოსმენები 6 მარტს დაიწყება. შტატებში ვანჩჟოუს დაუსწრებლად ბრალად დასდეს სანქციების რეჟიმის დარღვევა, რომელსაც აშშ ირანის წინააღმდეგ ახორციელებს.

11 დეკემბერს, ბრიტანული კოლუმბიის უმაღლესმა სასამართლომ ვანჩჟოუ 10 მილიონი კანადური დოლარის გირაოთი გამოუშვა. ახლა ვანჩჟოუ ვანკუვერში, მეუღლის სახლში იმყოფება. მასზე დანიშნულია მუდმივი მეთვალყურეობა, მისი ქალაქში გადაადგილება კი ნაწილობრივ შეზღუდულია.

Comments
Loading...