Huawei-მ საკუთარი ოპერაციული სისტემა წარადგინა

16

Huawei-მ, ყოველწლიურ სამდღიან კონფერენციაზე – Huawei Developer Conference, საკუთარი ოპერაციული სისტემა Harmony OS წარადგინა.

Harmony OS-ის ჩინური დასახელება Hongmeng-ია. მისი დაყენება შესაძლებელი იქნება ჭკვიან ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებზე, მათ შორის ავტომობილების ბორტ კომპიუტერებზე.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, Harmony OS სრულად განსხვავდება Android-ისა და iOS-სგან. პირველი მოწყობილობები კი, რომლებზეც აღნიშნული ახალი სისტემა დაყენდება, Honor-ის ტელევიზორები იქნება. სხვა მოწყობილობებზე კი, ახალი სისტემის დაყენება არაუგვიანეს 2022 წელს დაიწყება.

Huawei-მ აღნიშნული ოპერაციული სისტემის შემუშავება ორი წლის წინ დაიწყო. Harmony OS-ს ღია კოდი ექნება. როგორც პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, იგი იქნება ყველაზე უსაფრთხო ვერსია იმ ალტერნატივებს შორის, რაც ახლა ბაზარზე არსებობს.

როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, სისტემა Android-სთვის კონკურენციის გაწევის მიზნით არ შექმნილა. აღინიშნა, რომ Harmony ჰგავს გუგლის ოპერაციულ სისტემას Google Fuchsia, რომელსაც აგრეთვე ღია კოდი აქვს.

Harmony OS-ის მეშვეობით მოწყობილობის უსაფრთხოების მაღალი დონე სპეციალური არქიტექტურის წყალობით იქნება უზრუნველყოფილი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა კომპონენტებს მუშაობა ცალ-ცალკე შეეძლება. თუკი რომელიმე მათგანის მუშაობაში შეცდომა მოხდება, ეს არ გამოიწვევს მთელი სისტემის გათიშვას, ეს მხოლოდ კონკრეტულ კომპონენტში პროცესის დასრულებას გამოიწვევს. მსგავსი არქიტექტურა იმას ნიშნავს, რომ ОS შედგება მარტივი კომპონენტებისგან, რომლის კოდის შემოწმებაც ღიად არის შესაძლებელი.

Comments
Loading...