Forbes-ის წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგის ლიდერი ჯგუფი U2 გახდა

3

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგი გამოაქვეყნა.

2018 წელს, რეიტინგის ლიდერი ირლანდიური ჯგუფი U2 გახდა, რომელმაც 118 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო. ეს კი, ჯგუფმა ძირითადად საერთაშორისო ტურნე Joshua Tree-ის დახმარებით მოახერხა. ტურნე ჯგუფის ერთსახელიანი ალბომის 30 წლისთავს მიეძღვნა, რამაც მათ 316 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა.

რეიტინგის პირველ სამეულში აგრეთვე შევიდა ბრიტანული ჯგუფი Coldplay, რომელმაც წლის განმავლობაში 115 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მათმა ორწლიანმა ტურნემ A Head Full Of Dreams Tour, რომელმაც ხუთი კონტინენტი მოიცვა, მუსიკოსებს, საერთო ჯამში მინიმუმ 500 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა და ამავდროულად, პოპ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტურნედ იქცა.

პირველ სამეულს ხურავს ბრიტანელი მუსიკოსი ედ შირანი, რომელმაც წლის განმავლობაში 110 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

გასულ წელს, ამავე რეიტინგის შედეგები სრულიად განსხვავებული იყო. მაშინ რეიტინგის პირველი სამეული ასეთი იყო – რეპერი Diddy (110 მილიონი აშშ დოლარი), ბიონსე (105 მილიონი აშშ დოლარი) და კანადელი რეპერი Drake (94 მილიონი აშშ დოლარი).

2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მომღერლებს შორის აგრეთვე მომხვდნენ ბრუნო მარსი (100 მილიონი აშშ დოლარი), კეტი პერი (83 მილიონი აშშ დოლარი), ტეილორ სვიფტი (80 მილიონი აშშ დოლარი), ჯეი-ზი (76,5 მილიონი აშშ დოლარი), Guns N ‘Roses (71 მილიონი აშშ დოლარი), როჯერ უოტერსი (68 მილიონი აშშ დოლარი), Diddy (64 მილიონი აშშ დოლარი).

Comments
Loading...