- Advertisement -

FAO და ევროკავშირი საქართველოში სოფლის მოსახლეობას შორის გენდერული უთანასწორობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებენ

23

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში გენდერული შეფასების ანგარიშს აქვეყნებენ, სახელწოდებით – “გენდერი, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება”. ამის შესახებ ინფორმაციას FAO ავრცელებს.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში აქტიური ჩართულობა, შინაური ცხოველების მოვლა, დიასახლისობა, ოჯახისთვის წყლისა და შეშის უზრუნველყოფა, ბავშვების, მოხუცების და ოჯახის დაუძლურებული წევრების მოვლა – ასეთია მოკლე ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომელიც საქართველოში სოფლად მცხოვრებ ქალებს ეკისრებათ. მიუხედავად ამისა, ქალების მიერ სოფლის მეურნეობაში შეტანილი წვლილი შეუმჩნეველი რჩება, ნათქვამია FAO-ს ანგარიშში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში ქალები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ სოფლის მეურნეობის განვითარებაში. თუმცა სოფლად მცხოვრები ქალები თავიან თავს ძალიან იშვიათად აღიქვამენ ფერმერებად, რადგან შრომას რომელსაც ეწევიან, ისინი ოჯახურ მოვალეობად აღიქვამენ. სოფლად ცუდად განვითარებული ინფრასტრუქტურა, შინამეურნეობის სირთულეები, სატრანსპორტო საშუალებებზე და თანამედროვე ენერგორესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ქალის საქამიანობას უფრო მძიმეს და ხანგრძლივს ხდის.

ანგარიში „გენდერი, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“, საჯაროს ხდის სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გენდერულ უთანასწორობას, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს, რომლებიც სურსათის უსაფრთხოებასა და უვნებლობაზე, ისევე როგორც, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე აისახება. ანგარიშმა გენდერის მიმართულებით გამოკვეთა ის გამოწვევები და ხარვეზები, რომლებიც პოლიტიკის შემქმნელებმა და პროექტის მენეჯერებმა სამომავლოდ უნდა გაითვალისწინონ.

ანგარიშმა საქართველოში გამოკვეთა შემდეგი გენდერული უთანასწორობები: შეუთავსებლობა შემუშავებულ პოლიტიკას, კანონმდებლობასა და მის აღსრულებას შორის. მიუხედავად პროგრესისა, რომელსაც საქართველოს მთავრობამ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავებისა და გაძლიერების კუთხით მიაღწია, ამ კანონებისა და რეგულაციების აღსრულება და მონიტორინგი კვლად გამოწვევად რჩება.

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ქალებისა და კაცების უთანასწორობაზე შემოსავლებისა და დასაქმების კუთხით: იმის გამო, რომ ქალებს ძირითადად ოჯახის საქმეში ვალდებულ დამხმარეებად აღიქვამენ, მათი შრომა, ძირითად შემთხვევაში, აუნაზღაურებელი და არაფორმალურია. დასაქმებულ ქალებს კი სოფლის მეურნეობის ყველა სექტორში უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვთ, ვიდრე კაცებს. საშუალოდ, ქართველი ქალები კაცის შემოსავლის 75 პროცენტს გამოიმუშავებენ, რაც 35 პროცენტამდეა შემცირებული თევზის საწარმოებში. ზოგადი გენდერული სტატისტიკის მიხედვით, კაცებს საქართველოში უფრო მაღალი მენეჯერული პოზიციები უკავიათ და უფრო მეტი შემოსავალი აქვთ სოფლის მეურნეობის და მშენებლობის დარგებში, სადაც განსაკუთრებით ცოტა ქალია ოფიციალურად დასაქმებული.

ამავდროულად, კვლევა ყურადღებას ამახვილებს ქალთა შეზღუდულ წვდომაზე ისეთ რესურსებთან როგორიცაა: მიწა და ფინანსები, ასევე, ქალთა ლიმიტირებულ ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კაცებთან შედარებით, ქალებს უფრო ნაკლებად აქვთ წვდომა ინფორმაციასთან, თანამედროვე ტექნოლოგიებთან და სასოფლო-სამეურნეო რესურსებთან. აღნიშნულის მიზეზს შესაძლოა წარმოადგენდეს, ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპული მოსაზრება, რომ სოფლის მეურნეობა, ბუნებრივად მამაკაცის საქმეა.

ამ თემებთან დაკავშირებულ, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებშიც უფრო მეტად მამაკაცები არიან ჩართულები, რაც აძლიერებს ქალებსა და მამაკაცებში არსებულ სტატუს-კვოს და არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ქალებიც შეძლებდნენ სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ზრდას, მათაც თანაბრად რომ ჰქონდეთ წვდომა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე.

“შეზღუდული წვდომა მიწაზე, თუ სხვა მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსზე, ქმნის მთავარ ბარიერს ქალთა განვითარებისათვის რეგიონებში. ამის გამო ქალები ვერ იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სასოფლო-სამურნეო საგრანტო პროექტებში და ვერ მიმართავენ საბანკო სექტორს სესხებისთვის, რაც მნივშენლოვნად შემაფერხებელი ფაქტორია. ეს გასათვალისწინებელია პოლიტიკის ფუძემდებლებისთვის, რათა ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი გახდეს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის”, – განაცხადა FAO-ს გენდერის ექსპერტმა დონო აბდურაზაკოვამ.

კვლევაში ყურადღება მახვილდება გენდერის, საკვების უსაფრთხოებისა და რეგიონების საკითხების დამატებითი შესწავლის საჭიროებაზე. კვლევაში თავმოყრილია მთელი რიგი რეკომენდაციები, როგორც FAO-თვის, ასევე გენდერის მიმართულებით გადაწყვეტილების მიმღები სხვა სტრუქტურებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნებისა და რეგიონული განვითარების სექტორებში არიან წარმოდგენილნი.

ღონისძიება გახსნეს FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა, პრემიერმინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა, ხატია წილოსანმა, ევროკავშირის დელეგაციის ატაშემ და პროგრამის მენეჯერმა, კრისტინა კასელამ და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფისის ხელმძღვანელმა, გერჰარდ შაუმბერგერმა.

კვლევის შექმნა და შემდგომ მისი გავრცელება, ფინანსურად მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს და ევროკავშირის მიერ. წიგნი, არის FAO-ს რიგით მეექვსე პუბლიკაცია, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სასოფლო სამურნეო სექტორში გენდერის კომპონენტს აფასებს.

Comments
Loading...