ENKA – ვინ არის საერთაშორისო ინვესტორი, რომელიც საქართველოში $800 მილიონს ჩადებს

21

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. ძირითადი ინვესტორი და პროექტის 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე თურქული კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). კომპანია ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს მსოფლიოს 64 ქვეყანაში, სადაც ამჟამად 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

ნამახვანის ჰესების კასკადი მეორე პროექტი იქნება, რომელსაც ENKA საქართველოში განახორციელებს.2014-2019 წლებში კომპანია თავის მრავალწლიან პარტნიორთან, ამერიკულ Bechtel-თან ერთად British Petroleum-ის კონტრაქტორი იყო სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტში.

ამჟამად ENKA სტამბოლის ბირჟაზე კვოტირებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა: მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $5 მილიარდ დოლარს შეადგენს, 2019 წელს კი ბრუნვა $1.9 მილიარდი დოლარი იყო.

ENKA-ს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პორტფელში მის მიერ ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში განხორციელებული მსხვილი პროექტები შედის. მათ შორისაა 790-მეგავატიანი თბოსადგური ნიდერლანდებში, 4000 მგვტ ჯამური დადგუმილი სიმძლავრის მქონე სამი ელექტროსადგური თურქეთში, რომლებსაც თავად ENKA ფლობს და ოპერირებს, სხვა რიგი ენერგოობიექტები თურქეთში, რუსეთში, ერაყსა და ლიბიაში. ამ პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 21,000 მეგავატს აღემატება.

ENKA-ს მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა ასევე ახალი აეროპორტები, სტადიონები, უმსხვილესი ხიდები, ბიზნეს-ცენტრები და ცათამბჯენები. ამასთანავე, კომპანია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრაქტორია სხვადასხვა ქვეყანაში ახალი საელჩოების მშენებლობაში. კერძოდ, ENKA იყო და არის ჩართული აშშ-ის 26 საელჩოს მშენებლობაში, მათ შორის – თურქეთში, მექსიკაში, ჰოლანდიაში, კენიაში, საბერძნეთსა და ბაჰამის კუნძულებზე.

რაც შეეხება ნამახვანის ჰესების კასკადს, ის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი იქნება. 433-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ს შეადგენს.

2020 წლის აპრილში ეკონომიკის სამინისტრომ ქვედა ნამახვანის მშენებლობის ნებართვა გასცა. ამჟამად ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

Comments
Loading...