Bloomberg: Amazon-ი, კომპანია Apple-ის მსგავს უსადენო ყურსასმენებს შეიმუშავებს

23

ამერიკული კომპანია Amazon-ი, AirPods-ის – კომპანია Apple-ის უსადენო ყურსასმენების საკუთარ ვერსიას შეიმუშავებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

Amazon-ის ყურსასმენები შავ და რუხ ფერებში იქნება და გაყიდვაში 2019 წლის მეორე ნახევრიდან უნდა ჩაეშვას. მას Amazon Lab126 შეიმუშავებს. მოსალოდნელია, რომ მისი ღირებულება Apple-ის ყურსასმენებზე დაბალი იქნება.

ახალი ყურსასმენების ფუნქციონირება AirPods-ის მსგავსი იქნება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათი ყურში ფიქსაცია პირდაპირ, სხვა რაიმე სახის დამხმარე მოწყობილობის გარეშე მოხდება. თუმცა, ამასთან კომპანია Amazon-ის სპეციალისტები აპირებენ, რომ ხმის ხარისხის გაუმჯობესებაზე იმუშაონ.

ყურსასმენების დატენვა USB-კაბელით იქნება შესაძლებელი. ყურსასმენებში აგრეთვე დამონტაჟდება Amazon-ის მიერ შემუშავებული ხმოვანი ასისტენტი Alexa, რომლის დახმარებითაც მომხმარებლები მუსიკის ჩართვას, ამინდის გაგებასა და Amazon-ის მარკეტფლეისზე საქონლის შეკვეთას შეძლებენ.

Apple-მა, თავისი პირველი უსადენო ყურსასმენები AirPods 2016 წლის სექტემბერში წარადგინა, თუმცა მოწყობილობა გაყიდვაში დეკემბერში ჩაეშვა. The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, AirPods-ს პრობლემები ჰქონდა Bluetooth კავშირთან, რის გამოც შეფერხდა მისი ბაზარზე გამოტანა.

მიმდინარე წლის მარტში, Apple-მა AirPods-ის ახალი ვერსია წარადგინა, რომელიც H1 ჩიპით არის აღჭურვილი. ახალი ყურსასმენების დატენვის გარეშე ფუნქციონირება 5 საათს შეადგენს.

Comments
Loading...