Bloomberg-ის მსოფლიოს ყველაზე უბედური ეკონომიკის რეიტინგში, მეხუთე წელია, ვენესუელა ლიდერობს

10

Bloomberg-მა ყოველწლიური “მსოფლიოს ყველაზე უბედური ეკონომიკის” (Misery Index) რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის ლიდერიც უკვე მეხუთე წელია, რაც ვენესუელაა.

ინდექსი ითვლება ძლიერი ინფლაციის, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

ვენესუელის ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც არ ასაჯაროებს სამომხმარებლო კალათის ზრდის ტემპის მაჩვენებლებსა და ქვეყანაში უმუშევრობის შესახებ ინფორმაციას. თუმცა, Bloomberg-ის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ 2019 წელს ქვეყნის ინფლაციის მაჩვენებელი 8 მილიონ პროცენტს გადააჭარბებს.

ყველაზე უბედური ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში, მეორე ადგილი ვენესუელის მეზობელმა არგენტინამ დაიკავა, მას მოსდევს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მესამე ადგილზე, თურქეთი მეოთხეზე, საბერძნეთი მეხუთე ადგილზე, უკრაინა მეექვსეზე, ურუგვაი მეშვიდე ადგილზე, ბრაზილია მერვე ადგილზე.

ყველაზე ბედნიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა კი, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, არის ტაილანდი. განახლებულ რეიტინგში, სინგაპური მეორე ადგილიდან მესამეზე ჩამოვიდა და მას იაპონიასთან ერთად იყოფს. თავისი ადგილი კი შვეიცარიას დაუთმო.

Comments
Loading...