Bloomberg: ბრიტანული კომპანიები, რომლებმაც ბრექსითის გამო ყველაზე დიდი დამატებითი ხარჯი გაწიეს

11

იმის შედეგად, რომ ლონდონმა და ბრიუსელმა ბრექსითის უკიდურესი ვადის 31 მარტიდან 31 ოქტომბერს გადაწევა მოახერხეს, გაერთიანებულ სამეფოს კიდევ 6-თვიანი გაურკვევლობის ხანა ელის ევროკავშირიდან გასვლის პარამეტრებთან დაკავშირებით.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ბრიტანული კომპანიები მილიონობით ფუნტ სტერლინგს ხარჯავენ ზომების მისაღებად, რათა მზად იყვნენ რაიმე გაუთვალისწინებლობისთვის, რაც შესაძლოა ნებისმიერი მიმართულებით შეიქმნას. გამოცემა წერს, რომ ბევრი ორგანიზაცია უკვე ემზადება ყველაზე ცუდი სცენარისათვის, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესი შესაძლოა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დაიწყოს.

ამის გათვალისწინებით, სააგენტომ, სამეფოს ბლოკიდან გამოსვლის შედეგად მსხვილი ბრიტანული კომპანიების მიერ დახარჯული დამატებითი თანხების დათვლა გადაწყვიტა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს ციფრები მხოლოდ იზრდება. Bloomberg-მა, მხოლოდ 6 მსხვილი ბრიტანული ფორმის საერთო დანახარჯი 454,9 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა.

 

შოტლანდიის სამეფო ბანკი

ბრექსითის განვითარების სხვადასხვა სცენართან დაკავშირებით ქმედებების დაგეგმვისათვის, ორგანიზაციებს შორის ყველაზე მეტად შოტლანდიის სამეფო ბანკის (Royal Bank of Scotland Group Plc., RBS) რესურსი დაიხარჯება. ამ მიზნებისთვის საკრედიტო ორგანიზაცია 130-დან 196 მილიონი აშშ დოლარის გადადებას აპირებს. აღნიშნული რესურსით, ბანკი ევროკავშირში საბანკო ლიცენზიების შესყიდვას აპირებს.

HSBC

ბრექსითის გამო დამატებითი ხარჯების გაღების მხრივ, რეიტინგის მეორე ადგილს ბანკი HSBC Holdings Plc. იკავებს. საკრედიტო ორგანიზაციამ, ქვეყნის ევროკავშირიდან ყველაზე ცუდი სცენარით გასვლის შემთხვევისთვის უკვე დახარჯა 179 მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნული თანხით ბანკმა გახსნა ახალი ფილიალები და ევროკავშირის ტერიტორიაზე ლიცენზიების მიღების შესახებ განაცხადებიც შეიტანა.

AstraZeneca

წამლების მწარმოებელი კომპანია AstraZeneca Plc კი, ბრექსითისთვის მოსამზადებელ პერიოდში დახარჯულ რესურსს 40 მილიონ აშშ დოლარად აფასებს. აღნიშნული თანხა მოხმარდა მარეგულირებელი ლიცენზიების თარგმნას, ახალ საბაჟო შეთანხმებებს და სხვა.

Hiscox

ლონდონის სადაზღვევო კომპანიამ Lloyd’s Hiscox, ბრექსითისთვის მოსამზადებლად 15 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. თანხა მოხმარდა შვილობილი კომპანიის გახსნას ლუქსემბურგში. სავარაუდოდ, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, სწორედ ეს ორგანიზაცია მოემსახურება Hiscox-ის კლიენტებს ევროპაში.

Babcock

ბრექსითის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ბრიტანული კომპანიების რეიტინგის მეხუთე ადგილი Babcock International Group Plc.-ს ეკუთვნის. ეს ტრანსნაციონალური კორპორაციაა, რომლის შტაბბინაც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. იგი კერძოდ მუშაობს საინჟინრო კონტრაქტებზე და სამხედრო უწყებების კონტრაქტორია. ევროპაში შვილობილი კომპანიის შექმნისათვის, კორპორაციამ 13 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, წერს Bloomberg-ი.

EasyJet

რეიტინგში აგრეთვე აღმოჩნდა ბრიტანული ლოუკოსტერი EasyJet Plc. ბრექსითის გამო, ავიაკომპანიის მიერ გაწეულმა დამატებითმა ხარჯებმა 11, 8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული თანხის მეშვეობით ავიაკომპანიამ ავსტრიაში ახალი ევროპული შტაბბინა გახსნა.

Comments
Loading...