Apple-მა კომპანია Intel-ის მოდემების წარმოების ბიზნესის შესყიდვის შესახებ განაცხადა

8

Apple შეისყიდის Intel-ის მოდემის ბიზნესის დიდ ნაწილს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორივე კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არის გამოქვეყნებული. შეთანხმების ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. იგი წლის დასასრულს დაიხურება.

მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, Apple მიიღებს 17 000-ზე მეტი უსადენო ტექნოლოგიის პატენტს, მათ შორის სხვადასხვა ფიჭური სტანდარტების პროტოკოლებსა და მოდემების არქიტექტურებს. Intel-ი კი შეინარჩუნებს PC აპლიკაციების, ინტერნეტ მოწყობილობებისა და ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოდემების შემუშავების უფლებას.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple კომპანია Intel-თან აწარმოებს მოლაპარაკებებს სმარტფონებისთვის 5G-მოდემების წარმოების ბიზნესის შესყიდვის შესახებ, 23 ივლისს, გაზეთ The Wall Street Journal-მა გაავრცელა. გაზეთი ამ შეთანხმებას Apple-სთვის სტრატეგიულს უწოდებდა, რადგან კომპანია 5G ტექნოლოგიის განვითარებაში ლიდერობისკენ მიისწრაფის. WSJ-ის მოსაზრებით, აღნიშნული შეთანხმება კომპანია Intel-სთვისაც სარფიანია, რომელმაც ამგვარი გზით მოახერხა მისთვის წამგებიანი წარმოებისგან თავის დაღწევა. გაზეთის მიერ გავრცელებული ციფრების მიხედვით, კომპანია, სმარტფონების შემუშავებაზე ყოველწლიურად 1 მილიარდ აშშ დოლარს კარგავს.

ამგვარად, Intel მზად არის უარი თქვას სმარტფონების მოდემების წარმოებაზე, რათა კონცენტრირება მოახდინოს სხვა მოწყობილობებისთვის 5G-ტექნოლოგიის შემუშავებაზე.

Comments
Loading...