Alibaba-ს დამაარსებელმა ჯეკ მამ თანამდებობა დატოვა

6

Alibaba-ს დამაარსებელმა ჯეკ მამ, კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

მის ნაცვლად ახლა კომპანიას სათავეში გენერალური დირექტორი დენიელ ჩჟანი ჩაუდგება. პოსტის გადაცემა 10 სექტემბრის თარიღით იყო ჩანიშნული, ეს თარიღი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დათქვეს, როდესაც ჯეკ მამ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯეკ მა არ აპირებს სრულად ჩამოშორდეს კორპორაციას და აპირებს, რომ დიდი როლი შეასრულოს კომპანიის გადაწყვეტილებების მიღებაში.

55 წლის ჯეკ მა პენსიაზე გადის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იგი უფლებამოსილებას დენიელ ჩჟანს გადასცემდა.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, ჯეკ მა კომპანიის დირექტორთა საბჭოში დაიკავებს ადგილს. გამოცემა Forbes-ი მის ქონებას 38,6 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 21-ე ადგილზე ჰყავს.

ჯეკ მამ კომპანია Alibaba 1999 წელს დააარსა. დღეს კი Alibaba, მსოფლიოს ელექტრონული კომერციისა და ციფრული გადახდების ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის უმსხვილესია.

Comments
Loading...