როგორია რუსეთის წილი ფულადი გზავნილების საერთო სალდოში 2000-2019 წლებში

16

“რაღაც ძალიან იაფი უჯდება საქართველოს ჩვენი ენერგომატარებლები. გვეყოფა ჩვენ ყველას ყველა ადგილზე კოცნა, საკუთარ თავსაც ვცეთ პატივი – მკაცრი ენით ლაპარაკის დრო მოვიდა.” – რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლიუბოვ სლისკა, ივლისი, 2006 წელი.

“უნდა დავკეტოთ საჰაერო და სახმელეთო საზღვრები საქართველოსთან. შესაძლებელია აკრძალვა საქართველოში ფულადი გადარიცხვების, რომლებიც ბიუჯეტის მესამედს შეადგენენ და მაშინ ოჯახების მესამედი იშიმშილებს პრეზიდენტის დაუფიქრებელი ნაბიჯების გამო. შეიძლება გავაჩეროთ ქართული ბიზნესი მოსკოვში და მაშინ ბიზნესმენები წავლენ სამშობლოში და სწრაფად შეცვლიან მთავრობას და პრეზიდენტს.” – რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი, ივლისი, 2006 წელი.

ენერგომატარებლებიც გაგვიძვირეს, საჰაერო და სახმელეთო საზღვრებიც დაგვიკეტეს, სატვირთო ავიარეისებით არათუ ბიზნესმენები, არამედ ქალიან-ბავშვიანად, დიდ-პატარიანად სატვირთო თვითმფრინვებით გამოაძევეს ქართველები, მალევე ჯარები შემოიყვანეს, გაუგონარი სითავხედით და უტიფრობით გამოგვიცხადეს, ომი თქვენ დაიწყეთ და ახლა თქვენ მიწაზე კი არა დამოკიდებელი ქვეყნების ტერიტორიაზე ვართ მათი მიწვევითო.

თუმცა, არაა რუსეთი კმაყოფილი მიღწეულით და ყველანაირად ცდილობს ანგარიში გაგვისწოროს.

პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე წამოსკუპებული გავრილოვის ხილვით აღშფოთებული ქართველი ხალხის რეაქციის საპასუხოდ პუტინი ბრძანებულებას წერს, რომლის თანახმადაც, ამა წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ მგზავრთა გადაყვანა (მათ შორის კომერციული მიზნით) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე და ამით თითქოს გვეუბნება, რომ როცა ჩვენ მოქალაქეებს თქვენთან ვუშვებდი დასასვენებლად, თქვენდამი გულუხვობას ვიჩენდი, თორემ უკეთესი და ბევრად იაფი ადგილების მეტი რაა, თუნდაც ყირიმში, ახლაც უკრაინის კი არაა ჩვენია და დამსვენებლები არ ჩადიანო.

საქართველოს მოსახლეობას რომ არ ულხინს ეკონომიურად, ტურისტების მოზიდვას, მათ შორის რუსეთიდანაც, რომ ცდილობს და პუტინის ეს ბრძანებულება, უხეში გათვლებით, სულ მცირე, 300-330 ათასს რუს ტურისტს რომ გვაკარგვინებს წლის ბოლომდე დარჩენილ 6 თვეში, ცხადია.

ისიც ვიცით და ბევრად უკეთესადაც, ვიდრე თინა კანდელაკმა, რომელიც წუხს, რუსეთზე აუგის მთქმელი, დასავლეთის მეხოტბე ჩვენი პრეზიდენტის და ეკონომიკის გამანადგურებელი ისტელბიშმენტის გამო, რომ 2011 წლის 220 ათასიდან შარშან 1,4 მილიონამდე ავიდა რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა, მათგან თითქმის ყოველი მეოთხე საჰაერო გზით შემოვიდა და ყოველი ვიზიტორი საშუალოდ 370 დოლარს შემოსავალს აძლევს ქვეყანას.

“აიპრესი” გთავაზობთ ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილ ფულადი გზავნილების სალდოს და აგრეთვე, ამ სალდოში რუსეთის წილის ამსახველ ცხრილსა და ჰისტოგრამას.

აღარც ენობრივი ბარიერის ნაკლებად არსებობა, აღარც ტერიტორიული სიახლოვე, აღარც რუსეთის ვითომდა ერთმორწმუნეობა არ ხდის რუსეთს მიმზიდველს ქართველისთვის და ამის ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკისადმი შეურიგებლობაა.

ინფოგრაფიკაში ოდნავი ჩაღრმავებით ადვილად დავინახავთ, რომ ფულად გზავნილების სალდოში რუსეთის წილის უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში 10%-ის ფარგლებში იქნება.

Comments
Loading...