2020 წელს ქარის 5 ახალი სადგური შევა ექსპლოატაციაში

14

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით, ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი ჰიდროენერგიასთან მიმართებით კონკურენტული გახდა.

როგორც თურნავამ ეკონომიკურ ფორუმზე – “საქართველო და მსოფლიო – 2019” ისაუბრა, საქართველოში მეტი აქცენტი გაკეთდება ქარის ენერგიის ათვისების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ქარის სადგურების ქსელში ინტეგრაცია ლიმიტირებულია.

“არის ბუნებრივი ლიმიტაცია, თუ ქარის და მზის რამდენი სადგური უნდა იყოს ქსელში ინტეგრირებული, რადგან ამ წყაროებს გარკვეული მერყეობა ახასიათებს. აქედან გამომდინარე, სისტემამ დღევანდელი მდგომარეობით შეუძლია, ინტეგრირება გააკეთოს დაახლოებით, 350 მგვტ ქარის და 150 მგვტ მზის, თუმცა ინტერესი ამ წყაროების მიმართ იმდენად მაღალია, რომ ჩვენ გვაქვს შედგენილი მომავალში გრაფიკი, დავუშვათ 2025 წლისთვის, ქარის მიმართულებით ეს ინტეგრირების შესაძლებლობა ორმაგდება, ისევე როგორც – მზის და ჩვენ წინმსწრებად შეგვიძლია ეს პროექტები განვიხილოთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გააცნო, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წელს ექსპლოატაციაში 270 მგვტ სიმძლავრის 5 ახალი სადგური შევა ექსპლოატაციაში.

Comments
Loading...