2019 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა

8

2019 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასები 1.7 პროცენტით გაიზარდა.

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ფასი ყველაზე მეტად ყველზე შეიცვალა. იმერული ყველი და სულგუნი შესაბამისად 16 და 10 პროცენტით გაძვირდა. ხოლო ამ პროდუქტების გაძვირების წვლილმა თვის ინფლაციაში 0.4 პროცენტული პუნქტი (პ.პ) შეადგინა.

წლიურ გამოხატულებაში, სექტემბერში სამომხმარებლო კალათაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სიგარეტის გაძვირების გამო მოხდა.

იმპორტირებულ და ადგილობრივად წარმოებულ ფილტრიან სიგარეტზე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები შესაბამისად 29 და 30 პროცენტით იყო გაზრდილი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ უფილტრო სიგარეტზე 26 პროცენტით. საერთო ჯამში ამ ცვლილებებმა წლის ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.

სექტემბერში სურსათის ინფლაციამ 12.4 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო კალათაში სურსათის მაღალი წონიდან (27.3 პროცენტი) გამომდინარე, მისი გავლენა ინფლაციაზე 3.3 პ.პ იყო. აქედან ყველაზე დიდი წვლილი პურის გაძვირებაზე მოდის, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაძვირდა და, შესაბამისად, სექტემბერში წლიურად 11 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 0.4 პ.პ შეადგინა. მნიშვნელოვანი იყო ყველის, ძროხის ხორცის და შაქრის გაძვირება. ამ პროდუქტების წვლილი წლიურ ინფლაციაში ჯამურად 1.3 პ.პ-ით განისაზღვრა.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ამ ჯგუფის ფასები წინა წლის სექტემბერთან შედარებით საშუალოდ 5.5 პროცენტით დაბალი იყო, ხოლო უარყოფითი წვლილი მთლიან ინფლაციაში 0.2 პპით განისაზღვრა.

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, სექტემბერში მთლიან ინფლაციაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და 3.2 პროცენტს შეადგენდა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.

Comments
Loading...