2019 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9% შეადგინა

7

2019 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასები 0.8 პროცენტით გაიზარდა.

ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციაზე ყველაზე მეტად იმერული ყველისა და ხორცის გაძვირებამ იმოქმედა (ჯამში 0.2 პროცენტული პუნქტი). საპირისპიროდ, სეზონური ფაქტორების გამო გაიაფდა მანდარინი და თვითმფრინავით მგზავრობა (ჯამში 0.2 პპ).

წლიურ გამოხატულებაში, ოქტომბერში სამომხმარებლო კალათაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სიგარეტის გაძვირების გამო მოხდა. იმპორტირებულ და ადგილობრივად წარმოებულ ფილტრიან სიგარეტზე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები შესაბამისად 27 და 28 პროცენტით იყო გაზრდილი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ უფილტრო სიგარეტზე 25 პროცენტით. საერთო ჯამში ამ ცვლილებებმა წლის ინფლაციაზე 0.8 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.

ოქტომბერში სურსათის ინფლაციამ 14.2 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო კალათაში სურსათის მაღალი წონიდან (27.3 პროცენტი) გამომდინარე, მისი გავლენა ინფლაციაზე 3.8 პ.პ იყო. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ყველის, ხორცის, პურის, შაქრის, კარტოფილის და ვაშლის გაძვირებაზე მოდის. ჯამში ამ პროდუქტებზე ფასის მატებამ ინფლაციაზე 2.1 პპ-ით იმოქმედა.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფის ფასები წინა წლის ოქტომბერთან შედარებით საშუალოდ 5.9 პროცენტით დაბალი იყო, ხოლო უარყოფითი წვლილი მთლიან ინფლაციაში 0.2 პპ-ით განისაზღვრა.

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, ოქტომბერში მთლიან ინფლაციაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და 3.4 პროცენტს შეადგენდა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის. დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების სიგნალს იძლევა.

Comments
Loading...