2019 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 4.7% შეადგინა

11

2019 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.5 პროცენტით გაიზარდა.

მაისში აპრილთან შედარებით ინფლაციის მატებაზე მნიშვნელოვნად კარტოფილის და ბენზინის გაძვირებამ იმოქმედა, რომლებიც შესაბამისად 31 და 5 პროცენტით გაძვირდა, ხოლო ამ პროდუქტების ჯამურმა წვლილმა თვის ინფლაციაში 0.5 პ.პ. შეადგინა. საპირისპიროდ, სეზონური ფაქტორების გამო, ყველის და ზოგიერთი ბოსტნეულის გაიაფებამ ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით იმოქმედა.

წლიურ გამოხატულებაში, მაისში სამომხმარებლო კალათაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება წლის დასაწყისში სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდისა და, შედეგად, სიგარეტის გაძვირების გამო მოხდა. იმპორტირებული და ადგილობრივად წარმოებული ფილტრიანი სიგარეტი, შესაბამისად, 30 და 31 პროცენტით, ხოლო ადგილობრივად წარმოებული უფილტრო სიგარეტი 104 პროცენტით გაძვირდა. საერთო ჯამში ამ ცვლილებებმა წლის ინფლაციაზე 1.3 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.

მაისში სურსათის ინფლაციამ 8.4 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო კალათაში სურსათის მაღალი წონიდან (27.3 პროცენტი) გამომდინარე, მისი გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე 2.3 პ.პ იყო. აქედან ყველაზე დიდი წვლილი პურის გაძვირებაზე მოდის, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაძვირდა და, შესაბამისად, მაისში წლიურად 15 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 0.5 პ.პ შეადგინა. მნიშვნელოვანი იყო კარტოფილის, ძროხის ხორცის და ყველის გაძვირება. ამ პროდუქტების წვლილი წლიურ ინფლაციაში ჯამურად 1.1 პ.პ-ით განისაზღვრა. საპირისპიროდ, წლიურად მნიშვნელოვნად გაიაფებული იყო ვაშლი (36 პროცენტით და -0.4 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი ინფლაციაში). გრძელდება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული გაიაფების ტენდენცია.

ამ ჯგუფის ფასები წინა წლის მაისთან შედარებით საშუალოდ 7 პროცენტით დაბალი იყო, ხოლო უარყოფითი წვლილი მთლიან ინფლაციაში 0.3 პპით განისაზღვრა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, მაისში მთლიან ინფლაციაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და 1.1 პროცენტს შეადგენდა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის. დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების სიგნალს იძლევა.

Comments
Loading...