2019 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ  7% შეადგინა

7

2019 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ  7.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.4 პროცენტით გაიზარდა.

დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა არცერთ პროდუქტზე ფასის ცვლილებას არ მოუხდენია.

წლიურ გამოხატულებაში, დეკემბრის ინფლაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი სიგარეტმა შეიტანა, რომელიც წლის დასაწყისში საგრძნობლად გაძვირდა. დეკემბერში იმპორტირებული სიგარეტის ფასი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31 პროცენტით იყო გაზრდილი.

საერთო ჯამში ყველა სახის სიგარეტის გაძვირებამ ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. დეკემბერში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო კალათაში სურსათის მაღალი წონიდან (27.3 პროცენტი) გამომდინარე, მისი გავლენა ინფლაციაზე 3.5 პ.პ იყო. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ყველის, ხორცის, ვაშლის და კარტოფილის გაძვირებაზე მოდის. ჯამში ამ პროდუქტებზე ფასის მატებამ ინფლაციაზე 1.5 პპ-ით იმოქმედა.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფის ფასები წინა წლის დეკემბერთან შედარებით საშუალოდ 4.2 პროცენტით დაბალი იყო, ხოლო უარყოფითი წვლილი მთლიან ინფლაციაში 0.2 პპ-ით განისაზღვრა.

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, დეკემბერში მთლიან ინფლაციაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და 3.7 პროცენტს შეადგენდა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.

Comments
Loading...