2019 წლის დეკემბერში, საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა 14.2%-ით გაიზარდა

14

2019 წლის დეკემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 14.2 პროცენტით გაიზარდა და 172.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობამ 17.7
პროცენტით 25.5 მლნ აშშ დოლარამდე მოიმატა.

საანგარიშო თვეში მაღალი ტემპით გაიზარდა ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (215.9 პროცენტით), რომლის წვლილმა მთლიანი გზავნილების ზრდაში 2.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა ფულადმა სახსრებმა (16.4 პროცენტით), რაც იტალიიდან (19.3 პროცენტით), საბერძნეთიდან (14.8 პროცენტით) და გერმანიიდან (27.4 პროცენტით) მიღებულმა გზავნილებმა განაპირობა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ასევე საფრანგეთიდან გზავნილების მატება. რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდის მიმართულებით მოქმედებდა უკრაინიდან მიღებული გაზრდილი გზავნილები, ხოლო მცირედი დადებითი წვლილი ჰქონდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მატებას.

დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე არსებითი ზეგავლენა მოახდინა ყაზახეთიდან (107.7 პროცენტით) მიღებულმა გზავნილებმა. ზომიერად მოიმატა აშშ-დან და ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობამ.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (37.8 პროცენტი) და
რუსეთი (25.4 პროცენტი) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

Comments
Loading...