2019 წელს წყალმომარაგების და წყალარინების სამუშაოებზე გამოყოფილი 282 მილიონი ლარით 85 პროექტი განხორციელდება

6

2019 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების სფეროში, ვინაიდან პირველად დაიწყო წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შესწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით. პროცესი 2019 წელს დასრულდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს წალმომარაგების პოლიტიკის, მათ შორის სატარიფო პოლიტიკის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების დასახვის პროცესს.

2019 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოებზე გამოყოფილი 282 მილიონი ლარით 85 პროექტი განხორციელდება და მათი დასრულების შემდეგ, დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, გამართული კანალიზაციის სისტემით.

“ძალიან ბევრ ადგილას მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ხარისხიან სასმელ წყალზე, ან არ აქვს უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგება. ამიტომ, ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტი 2019 წელს საქართველოს რეგიონებში სწორედ წყალომარაგებისა და კანალიზაციის მოწესრიგებაა. ამ მიმართულებით წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი არის 30 პროცენტით გაზრდილი” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა დაასახელა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა დასრულებაც 2019 წელს იგეგმება, მათ შორისაა: ანაკლიაში, მესტიაში, წყალტუბოსა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები. ასევე ქუთაისის, ჯვარის, ჭიათურის, ურეკისა და გარდაბნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.

“აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს ათეულობით წლის განმავლობაში წყალი 4 დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. პროექტის მეორე ფაზის დასრულების შემდგომ კი, ისინი 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, 2019 წელი დატვირთული იქნება წყლის პროექტებით. იწყება მარნეულის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 20 000-ზე მეტ ადამიანს პირველად მოემსახურება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა. გუდაურში იწყება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. კანალიზაციის ქსელის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები იწყება ქუთაისში, ჭიათურასა და ვალეში.

ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა გურიისა და თელავის წყალმომარაგების პროექტები – “წელს იწყება გურიის სოფლების ბახვი-ვაკიჯვრის და ცხემლისხიდის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის სამუშაოები. პროექტს 9 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და 3 000-ზე მეტ ადამიანს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა. ისინი სტაბილური სასმელი წყლის მიწოდებით იქნებიან უზრუნველყოფილი”.

Comments
Loading...