10 ოქტომბერს ართრიტის წინააღმდეგ ბრძოლის  საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

39

 10 ოქტომბერს, 12:00 საათზე კაფე „ცისკარში“ (მის: კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია) ართრიტის წინააღმდეგ ბრძოლის  საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელიც პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის,  იუვენილური ართრიტით დაავადებული პაციენტების მშობელთა კავშირისა და რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის ეგიდით ეწყობა და ეძღვნება ნათია მერლანის ხსოვნას.

ღონისძიება საინფორმაციო კამპანია „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობას დაავადებისა და მისი მკურნალობის  შესახებ სახელმწიფოს მხრიდან კიდევ მეტი მხარდაჭერის მოპოვებას, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა,  რაც პაციენტებს დაეხმარება მეტის გაკეთება შეძლონ დამოუკიდებლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ:

მაკა იოსელიანი – პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი

ანა ბოქოლიშვილი – იუვენილური ართრიტით დაავადებული პაციენტების მშობელთა კავშირის წარმომადგენელი

ინგა მამუჩიშვილი – რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წარმომადგენელი

თინათინ სამყურაშვილისაკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი

შეხვედრას ასევე დაესწრებიან გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის წარმომადგენლები, ექიმები, რევმატოლოგები, პაციენტები და მედია. ასევე მოწვეულები არიან წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროდან, საკრებულოდან და მერიიდან

12 ოქტომბერს მსოფლიო ართრიტის წინააღმდე ბრძოლის საერთაშორისო დღეს (World Arthritis Day) აღნიშნავს, რომელიც 1996 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება.ამ დღის მთავარი მიზანია , მიიპყროს ფართო საზოგადოების ყურადღება რევმატოლოგიური დაავადებების პრობლემაზე და ამაღლოს ინფორმირების დონე ართრიტის ყველა ფორმის. აღსანიშნავია, რომ 10 წელზე მეტია, რაც ამ დღეს საქართველოც უერთდება.

ინფორმაცია დაავადების შესახებ

ართრიტი –  არის სახსრების მწვავე ანთებითი დაავადება, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში არა მხოლოდ სახსრების ტკივილს არამედ, უუნარობასა და ინვალიდობას იწვევს.

რევმატოიდული ართრიტი, სისტემური აუტოიმუნური დაავადება, ხასიათდება სახსრების ქრონიკული ანთებით. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულია მსოფლიო პოპულაციის 1 %. ამ დაავადების დიაგნოსტირება დაფუძნებულია, როგორც კლინიკურ კრიტერიუმებზე ისე ლაბორატორიულ გამოკვლევებზე. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, ქმედუუნარობის გამომწვევი  აუტოიმუნური  დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეშუპებას და დაზიანებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დაავადებით დედამიწაზე ყოველი მეასე ადამიანი იტანჯება. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად დამახასიათებელია მისი გამოვლენა 35-დან 50 წლის ასაკის პერიოდში. რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების პროგრესირებად  შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდადანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა,  კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და .. განვითარებად ქვეყნებში პაციენტების ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში კარგავს  სამსახურს და საარსებო წყაროს.

იუვენილური ართრიტი 6 თვიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში  ვითარდება,  კონკრეტული გამომწვევი მიზეზი უცნობია. ის უპირატესად სახსრების და თვალის დაზიანებით მიმდინარეობს. ბავშვების  დიდ ნაწილს უვითარდება ქრონკული პერსისტული ართრიტი, აღენიშნება მნიშვნელოვანი შრომისუუნარობა და შესაძლებლობების შეზღუდულობა განსაკუთრებით მძიმე ფორმებისას III-IV ჯგუფის პაციენტები 5-10 წლის განმავლობაში ეტლით მოსარგებლე ხდებიან. დროულად დაწყებული მკურნალობა მნიშვნელოვნად აფერხებს დაავადების პროგრესირებას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.  საქართველოში 2015 წლიდან ამოქმედდა იუვენილური ართრიტის ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობის პროგრამა, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობას, პრეპარატები უსასყიდლოდ მიეწოდებათ.

Comments
Loading...