10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზარდა

7

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 4,555,673 მგზავრს მოემსახურა. რაც 4% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4,362,002 მგზავრი).

რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 284,442 მგზავრს მოემსახურა, რაც -15% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 335094 მგზავრი ). შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის -1% კლებაა 10 თვის ჭრილშიც. აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 3,255,965 მგზავრს მოემსახურა (2018 წელი 3,286,344 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის ოქტომბერში 44% გაიზარდა და 89,232 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 62,000 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, იანვარ-ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 719,324 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40% მეტია. (2018 წელი 512,386 მგზავრი).

2019 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 47,536 მგზავრმა ისარგებლა. რაც 13 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 41,980 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის ჭრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა და 571,629 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 555,693 მგზავრი).

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პროგნოზით, თბილისის აეროპორტში ათ თვეში 12 % ზრდის მოლოდინი იყო, ბათუმის აეროპორტში კი 15 %-იანი ზრდის. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები და მოლოდინები ერთმანეთს ემთხვევა – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია. რადგან ამ აეროპორტს რუსული ავიასანქციები ფაქტობრივად არ შეხებია. 2019 წლის 8 ივლისამდე ქუთაისიდან მოსკოვის მიმართულებით ერთადერთი ავიაკომპანია ,,ურალი“ დაფრინავდა.
ადგილობრივი აეროპორტები:

მესტიის აეროპორტი 10 თვეში 7,086 მგზავრს მოემსახურა. რაც 15% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 6,151 მგზავრი). ოქტომბრის თვეში მესტიის აეროპორტით 852 მგზავრმა ისარგებლა, რაც 5 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 810 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 1669 მგზავრმა ისარგებლა, რაც 17% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,428 მგზავრი).

რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტი 222 მგზავრს მოემსახურა, რაც 40 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 159 მგზავრი).

10 თვის ჯამში ადგილობრივი აეროპორტებით 8,755 მგზავრმა ისარგებლა რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 7,579 მგზავრი).

Comments
Loading...