1 იანვრიდან ელექტროენერგიის თავისუფალ ბაზარზე ახალი კომპანიების გასვლა იგეგმება

13

მთავრობას ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის შესაბამისად ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მზად აქვს. ამის შესახებ BM.GE-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ განუცხადა.

დეპუტატის განმარტებით, კანონპროექტის მიხედვით, 2019 წლის 1 იანვრიდან, სავარაუდოდ, 70-დან 100-მდე კომპანია ელექტროენერგიას დისტრიბუტორების გარეშე შეიძენენ.

როგორც რევაზ არველაძემ აღნიშნა, მოქმედი ტარიფი სადისტრიბუციო კომპანიებიდან ელექტროენერგიის გაზიარებას დაახლოებით, 70 მსხვილი კომპანიისთვის არ ითვალისწინებს, ამიტომ მისი თქმით, ცვლილება გარდაუვალია.

იმის შესახებ, თუ რამდენად მზად არიან კომპანიები, ელექტროენერგია საბითუმო ბაზარზე შეიძინონ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მათ რეგულირების არეალი 1 მაისიდან უნდა დაეტოვებინათ, შესაბამისად, ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შეძენისთვის მზად უნდა იყვნენ.

“1 იანვრიდან უნდა ველოდოთ, რომ დამატებით ახალი პირდაპირი მომხმარებლები გაჩნდებიან ბაზარზე. ბუნებრივია, ამ ადამიანებთან იქნება სამუშაო, რომ მათ კარგად განემარტოთ ის წესები და რეგულაციები, რომლებიც საბითუმო ბაზარზე მოქმედებს, თუმცა მათი დიდი ნაწილი უკვე იყო წარსულში პირდაპირი მომხმარებლები, მაგრამ მათ შემდგომ სტატუსი შეიცვალეს და გამანაწილებელ კომპანიებთან დაბრუნდნენ. ამის გათვალისწინებით განსაკუთრებულ სირთულეებს არ ველოდებით”, – განაცხადა მილორავამ.

Comments
Loading...