ჰამპელი: ყოველთვის ვცდილობ, საქართველოს, როგორც ბიზნესსაქმიანობისთვის მნიშვნელოვან ადგილს, მეტი რეკლამა გავუკეთო

10

„ვისურვებდი, რომ სამშენებლო სექტორში მოღვაწე უფრო მეტი გერმანული კომპანია ჩამოვიდეს საქართველოში და უფრო მეტმა განახორციელოს აქ ინვესტიცირება, – ამის შესახებ კომპანია „ჰაიდელბერ საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხაელ ჰამპელმა ქართულ-გერმანული ბიზნესშეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე, რომელიც მრგვალი მაგიტის ფორმატში წარიმართა, ქართული და გერმანული ბიზნესკომპანიები მონაწილეობდნენ. გერმანულ მხარეს ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ხოლო ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ბიზნესსაქმიანობისთვის საუკეთესო ქვეყნის უფრო მეტი რეკლამირება მოხდეს. „ჰაიდელბერგცემენტი“ დაახლოებით 12 წელია, რაც საქართველოშია წარმოდგენილი, აქედან პირადად მე ცხრა წელია აქ ვარ და ყოველთვის ვცდილობ, უფრო მეტი რეკლამა გავუკეთო საქართველოს, როგორც ბიზნესსაქმიანობისთვის მნიშვნელოვან ადგილს“, – განაცხადა მიხაელ ჰამპელმა.

მისივე თქმით, „ჰაიდელბერგცემენტი“ დიდ აყვავებას განიცდის საქართველოში, რადგან აქ ძალიან მაღალია ერთ სულ მოსახლეზე ცემენტის მოხმარება და საქართველო ამ კუთხით ტოპ-ხუთეულშია.

„თუმცა ვისურვებდი, სამშენებლო სექტორში მომუშავე უფრო მეტმა გერმანულმა კომპანიამ განახორციელოს საქართველოში ინვესტიცია და ჩამოვიდნენ აქ“, – აღნიშნა მიხაელ ჰამპელმა.

Comments
Loading...