“ჯორჯიან ეარვეის”-მა ევროპის მიმართულებით რეისები შეამცირა, ზოგან კი გააუქმა

6

ამის შესახებ გადაცემაში “ბიზნეს პარტნიორი” , ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია საუბრობს.

„ჩვენ შევწყვიტეთ რამდენიმე მიმართულებით ფრენა, ესენია ბარსელონა, ბოლონია, ბრუსელი, პრაღა, ლონდონი. ეს არის დროებითი შეწყვეტა. გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის თვეში მგზავრთა ნაკადი ისევ ბევრი გვექნება, ჩვენ განვაახლებთ ფრენებს, მაგრამ ეს დროებითი შეწყვეტაც არ უნდა მომხდარიყო.

რა გახდა ამის მიზეზი… პირველი მიზეზი ეს არის საქართველოს ავიაციაში შექმნილი არაჯანსაღი, არაკეთილსინდისიერი საკონკურენციო გარემო.

ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გასული 2 წლის განმავლობაში, დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ევროპის მიმართულების განვითარებაში. თქვენ იცით, რომ ეს არის, როგორც ბიზნეს პროექტი, ბიზნეს გეგმა, როდესაც იწყებ ბიზნეს პროექტს, თავიდან, პირველი წელიწად-ნახევარი რომ იწელება, თქვენ აბანდეთ თქვენს თანხებს და შემოდგომ იღებთ მოგებას.

შესაბამისად, ეს მიმართულებები, როგორიც არის ვენა, ბრუსელი, პრაღა, პარიზი, ბერლინი, ბოლონია, ბარსელონა, ლონდონი დავაფინანსეთ ჩვენი 20 მილიონი აშშ დოლარის ფულით, რადგან შემდგომ აგორებულიყო ეს რეისები და მოეტანა შემოსავალი. მაგრამ, როდესაც ეს რეისები აგორდა და პოპულარული გახდა, ჩვენ ერთგვარად დაგვაჯდა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, როგორიც არის ვიზეარი, რომელიც შემოვიდა ქვეყანაში და იმ ჩვენს აგორებულ რეისებზე დაიწყო ფრენა.

ამას დამატებით, მთავრობა ახორციელებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების თანადაფინანსებას და რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩამოსულ მგზავრზე მთავრობა აფინანსებს 60-დან 70 ევრომდე.

ჩვენი ავიაკომპანიის მოთხოვნა დღესაც არის ის, რომ იყოს კონკურენტუნარიანი, სამართლიანი საბაზრო ეკონომიკის პირობები და იგივე პირობებში ჩაგვაყენოს ჩვენ, ეროვნული ავიახაზები, რომელსაც 90 წლის ისტორია და გამოცდილება აქვს, რომელიც 27 წლის არის და საქართველოს დამოუკიდებლობის ტოლია. ჩვენ დღეს დაჩაგრულები ვართ.“ – აცხადებს რომან ბოკერია.

Comments
Loading...