ჯივიპი გლდანის რაიონში, ჯანჯღავას ქუჩის I შესახვევში წყალმომარაგების სისტემას აახლებს

6

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა გლდანის რაიონში, ჯანჯღავას ქუჩის პირველ შესახვევში წყალმომარაგების სისტემის განახლების მიზნით მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო.

სამუშაოების ფარგლებში იცვლება 1 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი. სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი 8 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

ჯივიპი ჯანჯღავას ქუჩის I შესახვევში სარეაბილიტაციო სამუშაოებს მაისის ბოლოს დაასრულებს. აღნიშნულ პროექტში კომპანია 163 000 ლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს.

დღეს ჯივიპის ოპერაციების მართვის დირექტორის მოადგილემ, ზურა ალფაიძემ, საკრებულოს დეპუტატმა, შალვა ოგბაიძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ ჯანჯღავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

მომდევნო ეტაპზე კომპანია წყალმომარაგების სისტემას ჯანჯღავას ქუჩის II ჩიხსა და III შესახვევში განაახლებს.

ჯანჯღავას I და III შესახვევებსა და II ჩიხში სულ 3.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი იცვლება. პროექტის ჯამური ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების ყოველი ეტაპის შემდეგ ჯანჯღავას ქუჩის აღნიშნულ შესახვევებში გლდანის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

Comments
Loading...