ჯეფ ბეზოსმა მთვარეზე Amazon-ის გამცემი პუნქტების გამოჩენა დაუშვა

6

Amazon-ის ხელმძღვანელმა და დამფუძნებელმა, აგრეთვე კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა ძალიან კარგ შეკითხვად მიიჩნია მთვარეზე Amazon-ის გამცემი პუნქტების არსებობის საკითხი. აღნიშნულის შესახებ საუბარი კონფერენციაზე Re:MARS შედგა, რომელიც ლას-ვეგასში მიმდინარეობდა. კონფერენციის ორგანიზატორი კი თავად კომპანია Amazon-ი იყო.

ბეზოსი კონფერენციაზე მისი დახურვის დღეს წარსდგა. წამყვანმა კი მას შემდეგი შეკითხვა დაუსვა: როგორ ფიქრობთ, მთვარეზე ოდესმე გვექნება Amazon-ის გამცემი პუნქტები?

„ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. ამის შესახებ არასდროს მიფიქრია. ჩვენ დავიწყებთ თხევადი წყალბადისა და თხევადი ჟანგბადის მიწოდებას. ეს ძალიან მცირე არჩევანი იქნება, სამაგიეროდ ძალიან მნიშვნელოვანი“, – უპასუხა ბეზოსმა შეკითხვას.

წამყვანი იმითაც დაინტერესდა, თუ რატომ არის მისი კომპანია Blue Origin მთვარეზე მიმდინარე გამოკვლევებზე კონცენტრირებული.

„მიზეზი, რატომაც მთვარეზე მივფრინავთ, არის ის, რომ დედამიწის გადარჩენა გვინდა“, – განაცხადა ბეზოსმა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ეჭვი ეპარება, ეს მის სიცოცხლეში მოხდეს, თუმცა დარწმუნებულია იმაში, რომ მომავალმა თაობებმა, მძიმე ინდუსტრია აუცილებლად დედამიწის საზღვრებს გარეთ უნდა დაიტანონ.

ბეზოსმა უარი თქვა სამომავლო პროგნოზების გაკეთებაზე.

„რთულია მომავალი ათწლეულების შესახებ პროგნოზები გააკეთო, ისინი ხშირად მცდარია“, – განაცხადა ბეზოსმა.

Comments
Loading...