ჯეფ ბეზოსმა, ერთ დღეში 6,9 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა

5

კომპანია Amazon-ის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა, კომპანიის მესამე კვარტლის ანგარიშის ინვესტორებისთვის გაცნობის შემდეგ, კოტირებების დავარდნის შედეგად, თითქმის 7 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. ამის შესახებ CNBC იუწყება.

კომპანიის ანგარიში 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, Amazon-ის საოპერაციო შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. მაშინ ეს მაჩვენებელი 3,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. გარდა ამისა, ამავე კვარტალში, კომპანიის სუფთა მოგება 2,1 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი 2,9 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 9%–ით დაეცა, რის შედეგადაც, როგორც ტელემაუწყებლობა იტყობინება, ჯეფ ბეზოსმა 6,9 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

როგორც CNBC იუწყება, იმ შემთხვევაში, თუკი Amazon-ის კოტირებები განაგრძობს ვარდნას, ჯეფ ბეზოსმა შესაძლოა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგოს, რის შედეგადაც, Bloomberg Billionaire Index-ის რეიტინგის პირველ ადგილს იგი, ამ ეტაპზე მეორე ადგილის მფლობელი, Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი დაიკავებს. ამ ეტაპზე, ჯეფ ბეზოსის ქონება 111 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ბილ გეიტსის – 107 მილიარდ აშშ დოლარად.

Comments
Loading...