ჯეფ ბეზოსი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისთვის 10 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს

44

კომპანია Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისთვის 10 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ იგი თავის Instagram-ზე წერს.

მილიარდერის თქმით, კლიმატის ცვლილება ჩვენი პლანეტისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. როგორც ბეზოსმა აღნიშნა, იგი აპირებს, იმუშაოს სხვა ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ერთად, რათა მოძებნონ ახალი მეთოდები დედამიწაზე კლიმატის ცვლილების დამანგრეველი ზემოქმედების წინააღმდეგ.

ჯეფ ბეზოსის განცხადებით, ზემოთ აღნიშნული რესურსი მიმართული იქნება „ბეზოსის დედამიწის ფონდის“ შექმნაზე. ფონდიდან თანხა კი გამოყოფილი იქნება მეცნიერებისთვის, აქტივისტებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ პრობლემაზე მუშაობენ.

„გრანტების გაცემას ამ ზაფხულს დავიწყებ“, – წერს ბეზოსი.

გარდა ამისა, ბეზოსმა მსხვილ და არც ისე მსხვილ კომპანიებს, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შეუერთდნენ მას ამ წამოწყებაში.

„დედამიწა, ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, მოდით იგი ერთად დავიცვათ“, – აცხადებს ბეზოსი.

Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, ჯეფ ბეზოსი ამ მომენტისთვის პლანეტის უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება 129,9 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი თანხა კი მისი ქონების 10%-ს შეადგენს.

Comments
Loading...