ხაზარაძე: ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე

8

“მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია, ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე, ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეობას”, – ამის შესახებ “თიბისი” ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლია არის შემოტრიალება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ კარიბჭედ დაფიქსირება აზიასა და ევროპას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომელთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარკება და ორი დღის წინ ისევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს. ეს არის კიდევ ასევე მიმართული აბსოლუტურად გაუგებარი, ერთი მხრივ ამბობენ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთო, მთავრობა იძახის და მეორე მხრივ, პირდაპირ ღიად ებრძვიან ამ პროექტს… ის ფაქტი, რა ზიანიც მათ ქართულ ეკონომიკას მიაყენეს ორი მილიონი ლარის სანაცვლოდ, ეს არის დანაშაული და დადგება დრო, ამაზე პასუხს აგებენ..

აქედან გამომდინარე, მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია, ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე, ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეობას, რათა სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაიმეს ვეფარებით, ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს, შეუძლებელია ამ პირობებში ელაპარაკო ბანკირს 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და ყოველ დღე პროკურატურა გადებდეს სახალხოდ ასეთ ბრალდებებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“თიბისი” ბანკის დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში მივიდნენ, სადაც მათი აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ. სასამართლო პოცესი დღეს, 16:00 სათზეა ჩანიშნული. პროცესის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ მედიისთვის განცხადება გააკეთა.

Comments
Loading...