ცქიტიშვილი: საერთაშორისო პარტნიორების დახმარება მოხმარდება საბიუჯეტო დეფიციტის შევსებას, მოქალაქეების, ბიზნესის და სამედიცინო სექტორის მხარდაჭერას

6

მაია ცქიტიშვილმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ მოცულობითია. მისი განმარტებით, განვითარების პარტნიორების დახმარების საორიენტაციო მოცულობა მილიარდნახევარი დოლარი იქნება.

„ეს არის სწორედ იმ მუშაობის შედეგი, რომელიც ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გავწიეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ესენი არიან ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, უშუალოდ ევროკავშირი,ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საფრანგეთის სააგენტო, მსოფლიო ბანკი. ასევე, მნიშვნელოვანი დახმარება გვაქვს სხვადასხვა დონორის მხრიდან და მინდა მადლობა გადავუხადო მათ ადგილობრივ ოფისებსსაც, მათ წარმომადდგენლებს, რომლებიც დღესაც საქართველოში იმყოფებიან და ამ პირობებშიც ძალიან აქტიურად გვეთანამშრომლებიან იმისთვის, რომ განისაზღვროს ის დახმარების პაეტი, რომელიც საქართველოსთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს არის მილიარდნახევარი დოლარი, რომელზეც ჩვენ წინასწარი შეთახმება გვაქვს,”-განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან დახმარების თანხების მიზნობრიობის, კონკრეტული პროგრამების შინაარსისა და ბენეფიციარების განსაზღვრისთვის.

“ვმუშაობთ იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ეს იქნება ბიზნესისთვის, სახელმწიფო პროგრამების სახით თუ მოქალაქეებზე ან სამედიცინო სექტორზე ორიენტირებული დახმარება. ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩვენ შევძლებთ უკეთესად დავინახოთ სურათი, უკეთესად განვსაზღვროთ ყველა იმ ბენეფიციართა წრე და იმ საჭიროებების ნუსხაც, რომელთაც მოხმარდება აღნიშნული თანხა”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პროგრამების დეტალების შეთანხმების პროცესი, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება. მისი თქმით, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მილიარდნახევარი დოლარის დახმარება ნაწილობრივ შეავსებს საბიუჯეტო დეფიციტს და ასევე მოხმარდება მოქალაქეებისა და სამედიცინო სექტორის მხარდაჭერას, ასევე – უშუალოდ COVID-19-თან ბრძოლას.

„ეს დახმარება ნაწილობრივ შეავსებს იმ საბიუჯეტო დეფიციტებს, რომელიც ჩვენ გაგვიჩნდა და გაგვიჩნდება ეკონომიკის შენელების შედეგად. ყველა ეკონომისტი და ყველა ქვეყანა პროგნოზირებს რეცესიას, ანუ ეკონომიკის შემცირებას და შენელებას. მხოლოდ ჩვენს მაგალითზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების მიხედვით, დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარი მოაკლდება ჩვენს ეკონომიკას. შესაბამისად მოაკლდება ბიუჯეტსაც და აქედან გამომდინარე, დახმარების სახით მიღებული თანხა ჩვენს მიერ მოხმარდება როგორც საბიუჯეტო დეფიციტის და საჭიროებების დაკმაყოფილებას, ისე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების, სამედიცინო სექტორის მხარდაჭერას და უშუალოდ COVID-19-თან ბრძოლას, რასაც უკვე არსებული მონაცემებით, 350 მილიონ ლარზე მეტი სჭირდება,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მიერ მიღებული თანხის ნაწილი ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსაც მოხმარდება.

Comments
Loading...