ცქიტიშვილი: თუ მოვახერხებთ, რომ ვირუსის გავრცელების დინამიკა უკონტროლოდ არ გაიზარდოს, ეს უკვე მაისის შუა რიცხვებიდან მოგვცემს საშუალებას აქტიურად ვიფიქროთ ეკონომიკის გამოცოცხლებაზე

5

მთავარი რეკომენდაციები არის სოციალური დისტანცირება და ის, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, ყველა დარჩეს სახლში. ეს შეზღუდვა რა თქმა უნდა, არ ვრცელდება მხოლოდ საეკლესიო რიტუალებზე, ეს ეხება ყველას და ყველაფერს, – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

„აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაინტერესებული ვართ, რომ თითოეული მართლმადიდებლისთვის ძალიან მნიშვნელვანი დღეების განმავლობაშიც სახლიდან გასვლისგან შევიკავოთ თავი.

ეს ეხება უკლებლივ ყველა გადაადგილებას და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ შევზღუდოთ კონტაქტები ჩვენს თანამოქალაქეებს შორის. საუბარია უახლოეს 2- 3 კვირაზე, როგორც ჩვენი ექიმები გვეუბნებიან, ეს არის ძალიან მნიშნელოვანი პერიოდი, რომელიც განსაზღვრავს იმას თუ როგორ განვითარდება დაავადება საქართველოში.

თუ მოვახერხებთ, რომ ვირუსის გავრცელების დინამიკა არ გაიზარდოს უკონტროლოდ, ეს უკვე მაისის შუა რიცხვებიდან მოგვცემს საშუალებას აქტიურად ვიფიქროთ ეკონომიკის გამოცოცხლების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობის დაწყებაზე და ნელ-ნელა დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. იმ შემთხვევაში თუ დაწესებული შეზღუდვები მასობრივად დაირღვევა, სამწუხაროდ, შესაძლოა წლის ბოლომდეც იძულებული ვიყოთ, რომ ისევ პანდემიის გავრცელებას ვებრძოლოთ,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ოქროს შუალედი არის სწორედ ის, რომ მთავრობისა და საპატრიარქოსთვის მთავარია მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სწრაფად ნორმალურ ვითარებაში დაბრუნება და ქვეყნის განვითარება.

Comments
Loading...