ცქიტიშვილი: დაინტერესებული ვართ, რომ ძალისხმევა, რაც მთავრობამ ანაკლიის პროექტში ჩავდეთ, არ დაიკარგოს

13

“ჩვენი დიდი სურვილია სწორედ არსებულმა ინვესტორმა განახორციელოს ეს პროექტი, რადგან ეს არის ქართულ-ამერიკული კონსორციუმი. სტრატეგიულად, გლობალური და ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე, მივესალმებით ამ პროექტში ამერიკულ და ქართულ ინვესტიციას,” – განაცხადა დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, პროექტი უნდა განახორციელოს „თიბისი-ანაკლია ჰოლდინგმა“ და მისი გაიგივება „თიბისი ჯგუფთან“ ან „თიბისი ბანკთან“, მართებული არ იქნება.

„რაც შეეხება შეკითხვას – აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი, არაერთხელ გაეცა პასუხი, მათ შორის მაღალი ტრიბუნიდან და გავიმეორებ, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება იმის მიუხედავად შეძლებს თუ არა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ წარმატებით გაართვას თავი აღებულ ვალდებულებებს.

ჩვენ ვართ დაინტერესებული რომ ის დრო და ძალისხმევა, რაც მთავრობამ, დონორებმა და კონსორციუმმა ამ საქმეში ჩავდეთ, არ დაიკარგოს და არსებულმა ინვესტორმა წლის ბოლომდე შეძლოს დაფინანსების მოპოვება, ამისთვის კი პოლიტიკური სპეკულაციების და არაკონსტრუქციული პროცესის ნაცვლად, საჭიროა კონსორციუმმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

Comments
Loading...