ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტს სახელმწიფოსგან საფრთხე არ ემუქრება, მთავარია კონსორციუმმა შეძლოს ვალდებულებების შესრულება

37

“ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს სახელმწიფოსგან საფრთხე არ ემუქრება. მთავარია უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარმატებით შეძლოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც მათ აქვთ აღებული სახელმწიფოს წინაშე”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

მან ვრცლად ისაუბრა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვისა და მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.

“მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა ინტერესთა გამოხატვა ამ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა 2014 წელს. მას შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო. თავიდან 10 კომპანიაზე მეტი იყო, შემდეგ გამარჯვებულად იქნა გამოვლენილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი.

უშუალოდ მთავრობაა ამ პროექტით დაინტერესებული. როდესაც კონსორციუმთან ხელშეკრულება დაიდო, კონსორციუმთან მოლაპარაკებების შედეგად, უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ თავდაპირველად ინტერესთა გამოხატვის პროცესში სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო, პორტი არ უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებს, პორტი უნდა მართოს და ააშენოს კერძო სუბიექტმა. მათ შორის ინტერესთა გამოხატვის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ გამარჯვებულ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს გამოცდილება ან უნდა ჰყავდეს პარტნიორები პორტის ოპერატორის ნაწილში, რადგან ეს არის წარმატების მთავარი პირობა.

მაშინ, როდესაც პორტმა არა მხოლოდ უნდა ააშენოს პორტი და უნდა იფუნქციონიროს გამართულად, არამედ უნდა მოიზიდოს ტვირთები და ის ჩვენი გეოგრაფიული პოტენციალი სრულად გამოიყენოს, ახალი ტვირთები მოიზიდოს ამ რეგიონში, რომელიც მანამდე ჩვენი არსებული პორტების გავლით არ მოძრაობს. ეს პირობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მეორე პირობა იყო, რომ სახელმწიფო, გარდა გზის და რკინიგზის მშენებლობისა, გარდა მიწის გადაცემისა, სხვა ფინანსურ ვალდებულებაში არ შედიოდა და სახელმწიფოს არ ჰქონდა სურვილი თავიდან, არც გეგმა, რომ ამ პროექტში ფინანსურად მიეღო რაიმე სახის მონაწილეობა”, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა სახელწმიფოს დასაბუთებულად მიმართა, რომ პროექტი საკმაოდ რთულია და მხოლოდ კერძო პირების მხრიდან რთული იქნებოდა ფინანსების მოძიება, საპარტნიორო ფონდის მხრიდან ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ამ პროექტში სუბორდინირებული სესხის სახით 100 მილიონ დოლარს ჩადებს.

თუმცა, მინისტრი აქვე დასძენს, რომ ეს პირობა ინტერესთა გამოხატვის დროს გათვალისწინებული არ იყო.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გათვლებით, პროექტის მშენებლობა დაახლოებით 600 მილიონ დოლარს საჭიროებს. 100 მილიონი დოლარის ოდენობით ფინანსური მონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან არის გათვალისწინებული. შესაბამისად, კერძო კაპიტალის სახით მათ აქვთ ჩასადები 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია, როგორც საკუთარი კაპიტალი, ამის გარდა 400 მილიონი დოლარის სესხი მოსაზიდი ამ პროექტის განხორციელებისთვის.

ასევე საინვესტიციო ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და უშუალოდ ინტერესთა გამოხატვის პირობებშიც იყო დაგეგმილი ე.წ. ფინანსური დახურვა.

დაფინანსების სრული მოზიდვა, უზრუნველყოფა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან უნდა მომხდარიყო 2018 წლის 1 იანვრისთვის. შემდეგ 2017 წელს, როდესაც ცხადი გახდა, რომ ეს პირობა ვერ სრულდება, 2017 წლის ბოლოს მოხდა ამ ვადის გადაწევა და ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვარი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სრულად უნდა მოეზიდა როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე მოეზიდა 400 მილიონის ოდენობის სესხები, და ამასთან ერთად 1 იანვრისთვის უნდა დაეწყოთ პორტის მშენებლობა, ჰქონოდათ წარმოდგენილი სახელწმიფოსთვის სრული საპროექტო დოკუმენტაცია, ისევე როგორც უნდა ჰყოლოდათ გამოვლენილი პორტის მშენებელი კომპანია და აქტიური მშენებლობაც უნდა განხორციელებულიყო.

ამ პერიოდის განმავლობაში კონსორციუმმა დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, ესეც მთავრობასთან მოლაპარაკების შედეგად მოხდა და ჩვენ გავათავისუფლეთ ისინი ვალდებულებისგან, რომ სამუშაოების დაწყების წინ 20 მილიონიანი გარანტია წარმოედგინათ, ანუ ესეც შემხვედრი ნაბიჯი იყო. გარდა ამისა, უკვე 2018 წლის ბოლოს ე.წ. საფინანსო დახურვის ვადის გადავადება მოხდა 2019 წლის 1 ივლისამდე.

ბევრი ცვლილება განხორციელდა, როგორც პორტის ოპერატორის ნაწილში, და დღეის მდგომარეობით ის მოდელი, რომელიც კონსორციუმს აქვს შემოთავაზებული, პორტის ოპერატორის ნაწილში, არ შეესაბამება იმას, რაც არის ასახული საინვესტიციო ხელშეკრულებაში. ასევე ჯერ არ გვაქვს სრული საპროექტო დოკუმენტაცია და ამ ნაწილშიც არის მოსალოდნელი ცვლილებები. მაგრამ მთავარი არის ის, რომ უშუალოდ 400 მილიონის დაფინანსების ნაწილშიც დამერწმუნეთ, ვარ მომსწრე, რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მაღალი დონის შეხვედრაზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციებთან სწორედ საქართველოს მთავრობა უსვამდა ხაზს იმაში, რომ ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. პრაქტიკულად ის მზაობა, საერთაშორისო საფინანსო ბანკების მხრიდან განიხილონ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის კონსორციუმისთვის სესხის გაცემა, ეფუძნება სწორედ მთავრობის ასეთ ხედვას და ასეთ სურვილს.

თუმცა, ამ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა შეისწავლეს პროექტი და პროექტის შესწავლის შედეგად 2018 წლის ბოლოს ჩვენ მოგვაწოდა უკვე ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ის პირობები, რა პირობების შეცვლასაც გვთხოვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, იმ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, რომელიც დღეისთვის არის გაფორმებული მთავრობასა და კონსორციუმს შორის, და ერთ-ერთი მთავარი ცვლილება არის ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ მთავრობისგან ტვირთების გარანტიას. ანუ ამ სესხების უზრუნველყოფას მთავრობის მხრიდან. ეს პირობა არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველად. მიუხედავად ამისა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნამდვილად სწორედ მთავრობა არის ჩართული ამ პროცესში და კონსორციუმთან ერთად ცდილობს, რომ ეს პროცესი წარიმართოს უფრო სწრაფად, დადებითი შედეგით.

ჩვენ სულ 2 კვირის წინ გვქონდა შეხვედრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დელეგაციასთან, სადაც მთავრობის წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა საერთაშორისო ბანკებთან იმისთვის, რომ ჩვენ მათთან ერთად გავიაროთ ყველა ის შესაძლო და სასურველი ცვლილება, რომელიც ამ ხელშეკრულებაში უნდა შევიდეს, და ამ ცვლილების ფარგლებში უნდა მოვილაპარაკოთ იმაზე, თუ რამდენად… მათ შორის დავინახოთ მათი სურვილები და საჭიროებები და მერე ჩვენ ყველამ ერთად განვსაზღვროთ რამდენად უნდა შევცვალოთ და რა სახის პირობების შეცვლა იქნება საჭირო ამ ხელშეკრულებაში.

ვითარება დღეისთვის არის ასეთი, ანაკლიის პორტს საფრთხე სახელმწიფოსგან ნამდვილად არ ემუქრება. მთავარია ჩვენი ხელშეწყობით , მაგრამ რა თქმა უნდა ფინანსური უზრუნველყოფა მოძიებული უნდა იქნას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Comments
Loading...