ცუცქირიძე: 2019 წლის სარეკორდო ზრდის მაჩვენებლით დასრულება საქართველოს მთავრობის აქტივში უნდა ჩაიწეროს

11

„ექსპორტის ზრდა და საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება, გარდა იმისა რომ პოზიტიურად აისახება საგადამხდელო ბალანსზე და მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაზე, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორებია,“ – განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დეკემბერში ჯერ დათვლილი არ არის, გასული წლის 11 თვის მაჩვენებელმა საპროგნოზოს მნიშვნელოვნად გაუსწრო და 5,3 პროცენტი შეადგინა, და თუ ოქტომბერ-ნოემბრის ზრდის მაჩვენებლებს მივიღებთ მხედველობაში, დიდი ალბათობით მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი 6 % იანი ზრდა დაფიქსირდება, ხოლო წლიური ზრდის საშუალო სიდიდეც 5.4-5.5 % ის ფარგლებში იქნება, რაც ბოლო წლებში სარეკორდო მაჩვენებელია, რაც საპროგნოზო დონეს თითქმის ერთი პროცენტული პუნქტით აღემატება.

გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, 2019 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია. მისი თქმით, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ნოემბრის მსგავსად, როდესაც ექსპორტის რეკორდული 25 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც თანხობრივად 345 მლნ აშშ დოლარია, მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერშიც. ექსპორტი წინა წელთან 18.7 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 390.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

„მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად – 489.0 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 5 291.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია და წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული,“ – განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, 2019 წლის სარეკორდო ზრდის მაჩვენებლით დასრულება საქართველოს მთავრობის აქტივში უნდა ჩაიწეროს, რადგან ზრდის ეს მაჩვენებელი გაზრდილი საგარეო რისკების პირობებშია მიღებული, რასაც ემატება შიდა დესტაბილიზაციაც და ივნისში განვითარებული რევოლუციური სცენარის ნეგატიური ზეგავლენა თუნდაც ტურისტულ ინდუსტრიაზე და სავალუტო კურსზე.

„სააკაშვილის ბოლო ინტერვიუც ადასტურებს რევოლუციური სცენარის რეალობას, რაც წარმოადგენს რა ექსტრალეგალურ რისკს, ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. ეს ფაქტორები წელს ზრდა 6 % ის ფარგლებშიც კი იქნებოდა,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

Comments
Loading...