- Advertisement -

ცომაია: თითოეული ჩვენგანი ვახორციელებთ მოქმედებებს, რაც ლარის გაუფასურებას უწყობს ხელს!

8

უცხოური ინვესტიციები, მეზობელი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები, მსყიდველთუნარიანობა-ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია ლარის კურსის მნიშვნელოვნად გაუფასურების შესახებ “აიპრესთან” საუბრობს.

ეკონომიკის ექსპერტმა მიმოიხილა ის მიზეზები, რომლებმაც ვალუტის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია. ერთ-ერთ ფაქტორად ეკონომისტი ექსპორტთან შედარებით იმპორტის საგრძნობლად გაზრდას ასახელებს.
ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გაუფასურება მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა მოლოდინები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, იმპორტის მოცულობის საგრძნობი ზრდა.

– პირველ რიგში, როდესაც ლარის კურსის ნიშნულზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ თუ რა ხდება სხვადასხვა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, იმ ქვეყნებში რომელთანაც საქართველოს აქვს საგარეო სავაჭრო ურთიერთობა. თუ ჩვენ ამას დავაკვირდებით ვნახავთ, რომ შარშან, შარშანწინდელთან შედარებით ლარი ამ ვალუტების მიმართ არ უფასურდება, არამედ მყარდება. თურქული ლირის, აზერბაიჯანული მანათის ამ ვალუტები მიმართ ლარი არ უფასურდება უფრო მყარდება. ეს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსია, როგორც ამას საქართველოს ეროვნული ბანკი ეძახის.

თავად ის ფაქტორი, რომ ლარი უფასურდება და არის 2,72 აქ დიდ როლს თამაშობს მოლოდინების ფაქტორი. საზოგადოების ნდობა მთავრობის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ არის ძალიან დაბალი. ანუ ადამიანებს აქვთ უარესის მოლოდინი, მათ სჯერათ რომ მომავალში ეკონომიკური პრობლემები უფრო მეტად გამრავლდება. ლარი უფრო გაუფასურდება. ამიტომ თითოეული ჩვენგანი ვახორციელებთ მოქმედებებს ,რომელიც ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას. ვცდილობთ, ნებისმიერ იმ ხელსაყრელ მომენტში, როდესაც ლარი გვჭირდება ის ვაქციოთ დოლარად, ხოლო როდესაც დოლარი გვჭირდება ვაქციოთ ლარად. ანუ იმ პოლიტიკას ვიყენებთ, რაც ჩვენს ქცევებში აისახება.

ლარის გაუფასურების მეორე ფაქტორი, რასაც სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები გვეუბნება, არის იმპორტის მოცულობის საგრძნობლად გაზრდა. მიუხედავად იმისა რომ ექსპორტის მაჩვენებელიც დიდია. იმპორტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდა. სავაჭრო დეფიციტი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორია . ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ იზრდება ისე, როგორც იზრდებოდა ადრე. ესაც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს იმაზე, რომ ლარი ვერ მყარდება დოლართან მიმართებით.

– როგორ ფიქრობთ, თუ ლარის კურსმა განაგრძო გაუფასურება იმოქმედებს თუ არა ფასების ზრდაზე?

– აქაც მსჯელობა 2 ნაწილად უნდა გავყოთ. 1) მოლოდინი იმისა, რომ ფასები გაიზრდება 2) გარდაუვალი აუცილებლობა ,რომ ფასები უნდა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, იმპორტირებული საქონელი ძვირდება, ეს მარტივია. სწორედ ეს უბიძგებს ადგილობრივ მწარმოებელს რომ ფასები გაზარდოს. მწარმოებლებს ყველა ვარიანტში სურთ ფასების გაზრდა. თუ მხოლოდ ლარი უფასურდება ამ შემთხვევაში ძვირდება ის საქონელი, რომლის ვაჭრობაც ხდება დოლარებში. მაგალითად, ძვირდება ენერგომატარებლები, ნავთობპროდუქტები, იმ ტიპის საქონელი, რაც რისკის ქვეშ აყენებს ფასების ზრდას. ყველა დასახელების პროდუქტზე იწვევს ფასების ზრდას, იმიტომ რომ ძვირდება ტრანსპორტირება.

მეორე ფაქტორი ინფლაციის მოლოდინია. თუ აქვთ ადამიანებს მოლოდინი იმის, რომ პროდუქტები გაძვირდება, ყველა ცდილობს პროდუქტზე ფასების გაზრდას. მესამე ფაქტორი ლარის გაუფასურების ეს ადამიანების მსყიდველთუნარიანობაა. პირველი, რომ მათ უნდათ ფასები გაზარდონ, მეორე ახერხებს თუ არა საზოგადოება იმ მომსახურების შესყიდვას, რაზეც ფასები იზრდება. სწორედ ამიტომ, ლარის გაუფასურების შედეგად ფასები გაიზრდება თუ არა დამოკიდებულია , რომელი ძალა გადაწონის ამ ყველაფერს.

– რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ ლარის სტაბილიზაციისთვის, რა არის ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას?

-მთავრობას პირველ რიგში, რაც შეუძლია ეს არის იმ ენერგომატარებლის, ნავთობპროდუქტების მიმართ აქციზის გადასახადის შემცირება, რაც თავის დროზე გაზარდეს. ამრიგად თუ აქციზის გადასახადი შემცირდება ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს, რაც თავისთავად გამოიწვევს იმას, რომ ინფლაციური რისკიც ამ თვალსაზრისით მომენტალურად გაქრება.

მთავრობას ასევე შეუძლია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, შესყიდვების მაქსიმალური აქცენტი ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქციაზე გააკეთოს. დაუკვეთოს პროექტები ადგილობრივ მწარმოებელს. ადგილობრივი წარმოება აამოქმედოს არა იმით, რომ იმპორტზე ტარიფები გაზარდოს, არამედ საკუთარი შესყიდვები გამოიყენოს ადგილობრივი წარმოების შესყიდვების მიმართ. ეს შეუძლიათ მაგრამ არ აკეთებენ.

– რატომ არ ცდილობს სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების განვითარებას? რატომ არ აკეთებს აქცენტს ადგილობრივ პროდუქციაზე, თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების დროს.

– მიზეზი ცალსახაა, ინტერესი ტენდერებში მონაწილეობის და იმის რომ საბიუჯეტო ფული იქნას პირადი მიზნებისთვის გამოყენებული. ძალიან მარტივია ოფშორში დაარეგისტრირონ ფირმა, რომელიც მოიგებს ტენდერს და შემდეგ ამის მიხედვით მოახდინო ოპერირება, რომ იხეირო გარიგებიდან. ეს არის ძალიან მარტივი მიზეზი. ვერ ხვდებიან რომ ძალიან ზარალობს ეკონომიკა ასეთი მოქმედებებით.-განცხადა აკაკი ცომაიამ.

Comments
Loading...