ჩოგოვაძე: ერთ წელიწადში გვექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აეროპორტი

44

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ დაათვალიერა.

მისი განცხადებით, მეორე ფაზის სამუშაოებით განსაზღვრულია აეროპორტის ახალი ტერმინალის შენობის სახურავისა და ფასადის მოწყობა. რის შემდეგაც ტერმინალის ექსტერიერი დასრულებული იქნება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება სრულიად უნიკალური ე.წ. მწვანე გადახურვა, სადაც გათვალისწინებული იქნება ღია ვერანდა გამწვანებით.

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია. დაიწყო მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშოები, რომელიც გულისხმობს შენობის შეფუთვასა და გადახურვას. შემდეგი ეტაპები იქნება საინჟინრო სისტემების გაყვანა. პარალელურად მოხდება ახალი ტერმინალის სპეციალური დანადგარებითა და ავეჯით აღჭურვა. დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აეროპორტი გვექნება,”- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ახლო მომავალში დაიწყება ტერმინალის ლანდშაფტის პროექტირება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა. დღეისათვის არსებული ტერმინალის სივრცე სრულად გახდება გაფრენის ზონა, ხოლო ახალი ტერმინალი ჩამოფრენის დარბაზისათვის იქნება განკუთვნილი.

ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1000-1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

Comments
Loading...