ყიფიანის განცხადებით, ოქუაშვილმა სთხოვა ჩანაწერის ინსცენირება უცხოელი პარტნიორებისთვის

17

სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა დღეს საქალაქო სასამართლოს ჩვენება მისცა. მან გუშინ უარი განაცხადა პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე.

“ბოდიში საზოგადოებას, ჩემს ოჯახს იმ მდგომარეობისთვის, რაც ჩემს გარშემო შეიქმნა. მე დღეს მივეცი ჩვენება, მიმართულებას არ ვცვლი და მაქსიმალურად ვეცდები, მოეფინოს ნათელი ამ მდგომარეობას.

რაც ხდებოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით… მე ამ კომპანიაში ვმუშაობდი 2015 წლიდან და ისეა საქმე წარმოჩენილი თითქოს მე აქ მისული ვიყავი და მიგზავნილი. არა და არა, მე ვიყავი ამ კომპანიის ნაწილი, მქონდა ხელშეკრულება და ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო დამემყარებინა კონტაქტი ხელისუფლებასთან და ბიზნესთან…

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ხდებოდა ჩანაწერებზე, მე გეტყვით, რომ შეიძლება ეს იყოს სასაცილოც კი, იმიტომ რომ ამ ჩანაწერებში ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა. ე. ი ზაზა ოქუაშვილი მოვიდა ჩემთან ზაფხულის თვეში. მე ხან კომპანიიდან გავდიოდი, ხან გამოვდიოდი.

ასე ვთქვათ, ბოლო შეხვედრისასა მან შემომთავაზა მივსულიყავი მასთან და დამიხატა ესეთი სურათი, რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდის მისი უცხოელი პარტნიორებისგან, ის პრობლემებს განიცდის ბიუჯეტიდან თანხებთან დაკავშირებით, ამიტომ მან გადაწყვიტა დაეხატა ესეთი სცენარი, რომ ჩაგვეწერა ერთობლივად მაკომპრომატირებელი მასალა, რომელიც შემდგომში უნდა წარედგინა და რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის, რომ ის უნდა წასულიყო უცხოეთში იმისთვის, რომ დაერწმუნებინა და მე რომ ყოფილი მინისტრი ვიყავი, ჩემი წარმომავლობა ოჯახიშვილობა უცხოელებისთვის იქნებოდა დამაჯერებელი”, – განაცხადა ყიფიანმა.

შეგახსენებთ, რომ “ომეგა ჯგუფის” საქმეზე, კონკრეტულად კი იმ ჩანაწერებზე, სადაც ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი მონაწილეობენ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გუშინ, ლევან ყიფიანი დაბარებული იყო გამოკითხვაზე, თუმცა ამ უკანასკნელმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ სასამართლოში მივიდოდა გამოკითხვაზე.

Comments
Loading...