- Advertisement -

ქუჩაში დატოვებულ ნაგავზე ჯარიმის გადაუხდელობის გამო სასამართლომ მამაკაცს ორი დღით პატიმრობა მიუსაჯა

7

შვეიცარიის ქალაქ ბილის მცხოვრებ მამაკაცს სასამართლომ ნაგვის შესახებ მუნიციპალური კანონის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმის გადაუხდელობის გამო ორი დღით პატიმრობა მიუსაჯა.

33 წლის მამაკაცმა დანაშაული 2017 წლის ნოემბერში ჩაიდინა – მან პარკი ნაგვით ქუჩაში იმ დღეს დატოვა, რომელ დღესაც დასუფთავების სამსახურს ნაგავი არ გაჰქონდა და ამასთან, მას არ ჰქონდა დაწებებული მუნიციპალური გადასახადის ზედნადები.

ასეთი საგადასახადო ნაწები შვეიცარიაში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ნაგვის გატანის საფასურის ამოღების ერთ-ერთი ხერხია.

ქუჩაში ნაგვის დამტოვებელი მამაკაცის ვინაობის დადგენა იმ ორმა ინსპექტორმა მოახერხა, რომლებიც მუდმივად პატრულირებენ ქალაქში ასეთი სახის დარღვევების დასადგენად და იგი 150 შვეიცარული ფრანკით (130 ევრო) დააჯარიმეს. მამაკაცმა ჯარიმა არ გადაიხადა და ამჯერად მას ორი დღით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ჯერ უცნობია, ნამდვილად მოუწევს თუ არა მას ციხეში ორი დღის გატარება. მიზეზი ისაა, რომ ჯერ მისი საცხოვრებელი მისამართი არაა დადგენილი.

ქალაქის ხელისუფლების ცნობით, შარშან ქალაქში 209 კაცი დააჯარიმეს, ხოლო 600 კი გააფრთხილეს.

Comments
Loading...