ქობულია: ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს აშშ-ში “სამსუნგის” ინოვაციების ცენტრთან დავაკავშირებთ

21

“მოვილაპარაკეთ, რომ აშშ-ში, “სამსუნგის” ინოვაციების ცენტრთან დავაკავშიროთ საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპები” – ამის შესახებ კორეაში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, “სამსუნგის” აშშ-ის ინოვაციების ცენტრი ეძებს საინტერესო იდეებს და ამ პროცესში ქართული სტარტაპების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ინოვაციების განვითარებისთვის.

“საინტერესო შეხვედრა გვქონდა “სამსუნგის” ცენტრალურ ოფისში, კომპანიის ორ ვიცე-პრეზიდენტთან. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი საქართველოში ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება, რომელზეც ვისაუბრეთ და მოვილაპარაკეთ, იყო საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპების დაკავშირება “სამსუნგის” ინოვაციების ცენტრთან აშშ-ში.

ეს ცენტრი ეძებს საინტერესო იდეებს და საკითხის განხილვის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ შესაძლებელია მათ რამდენიმე ქართული სტარტაპის იდეებიც გამოადგეთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარებისთვის” – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრისას გიორგი ქობულიამ საქართველოში არსებულ ინოვაციურ ეკოსისტემაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე ტექნოლოგიური პარკებისა და სხვა ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა “სამსუნგის” მეტი ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პროცესში.

კორეული კორპორაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში ტექნოლოგიური პროცესებით, აგრეთვე ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ “სამსუნგის” მხარემ გამოთქვა მზადყოფნა განიხილოს წინადადებები საქართველოში მათი საქმიანობის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით.

“სამსუნგის” ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრა სეულთან ახლოს, ქალაქ სუვონში “სამსუნგის” ციფრულ ქალაქში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ ციფრულ ქალაქში მდებარე “სამსუნგის” ინოვაციური მუზეუმი დაათვალიერა.

Comments
Loading...