- Advertisement -

ქობულია: სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაგვიფასდა რამდენიმე რეფორმა

11

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში სამი ადგილით დაწინაურება და მე-6 ადგილზე გასვლა მსოფლიოში – ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს რეიტინგი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული შესწავლაა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკი რეიტინგის შედგენისას აწარმოებს გამოკითხვას და საქართველოში 100-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვა ხდება, დამოუკიდებელი შემფასებლები ავსებენ ძალიან სიღრმისეულ კითხვარებს, რომლებიც შედგება სადღაც 100-ზე მეტი გვერდისგან.

“სასიხარულოა, რომ წელს მსოფლიო ბანკის რეიტინგში დაგვიფასდა რამდენიმე რეფორმა. მაგალითად: ჩვენ განვახორციელეთ რეინვესტირებული კაპიტალის გადასახადისგან განთავისუფლების რეფორმა, რაც ძალიან დაგვიფასდა. ასევე ძალიან გავამარტივეთ დღგ-ს გადამხდელთა რეგისტრაციის პროცედურები, ესეც საკმაოდ პოზიტიურად აღინიშნა, ასევე სერიოზული წინსვლა სასამართლო სისტემაში, კერძოდ, ის, რომ ჩვენ შემოვიღეთ მოსამართლეთა შორის საქმეების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადანაწილების წესი, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულად ამცირებს სუბიექტივიზმს და ძალიან აძლიერებს ჩვენს სასამართლო სისტემაში ხარისხიანი გადაწვეტილებების მიღების შესაძლებლობებს,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უპრეცენდენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია 3 ადგილით გაუმჯობესდა, ხოლო სარეიტინგო ქულა – 0.48 პუნქტით და შედეგად, ქვეყანას 2019 წელს ისტორიული მაქსიმუმი – 83.28 ქულა აქვს.

2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ დასახელდა, როგორც ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების კუთხით.

საქართველოს წლევანდელი წარმატება განაპირობა ქვეყნის მთავრობის ეფექტიანმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 3 რეფორმით – ბიზნესის დაწყება, გადასახადების გადახდა და კონტრაქტების აღსრულება საქართველო მსოფლიოში კვლავ ინარჩუნებს რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს.

Comments
Loading...