ქობულია: იაპონური ჰოლდინგი TEPCO საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

13

“მსოფლიოში ცნობილ იაპონურ ჰოლდინგთან განვიხილეთ მოტივტივე მზის ელექტროსადგურების საქართველოში შექმნისა და განვითარების საკითხები, რაც, ვფიქრობთ, ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის იმ მიმართულებისთვის, რომელიც განახლებადი ენერგიების ათვისებას გულისხმობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია იქნება”, – ამის შესახებ გიორგი ქობულიამ იაპონიაში, ელექტროენერგეტიკული ჰოლდინგის, TEPCO-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი ქობულიამ ჰოლდინგის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ის უპირატესობები, რომელიც საქართველოს საინვესტიციო გარემოს გააჩნია სხვა ქვეყნებთან შედარებით. მისი თქმით, ლიბერალური, თავისუფალი ბიზნესგარემო ნაკლები ბიუროკრატიით, ბიზნესის კეთების სიმარტივე და სწორი ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს იმისთვის, რომ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიც TEPCO-ა, საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდნენ.

“მოხარული ვარ, რომ თქვენი კომპანია საქართველოს განიხილავს, როგორც ქვეყანას პოტენციური თანამშრომლობისთვის და სწავლობთ მის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს. ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი ენერგოსესურსები, რომელსაც გააჩნია დიდი საინვესტიციო პოტენციალი. დღეს საქართველოში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს როგორც ჰიდრორესურსების ათვისება, ასევე მუშაობა განახლებადი ენერგიების – ქარისა და მზის ელექტროსადგურების შექმნა-განვითარებისთვის” – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, 2019 წელს იწყება 300 მეგავატის ხუთი ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად შედგება ტენდერი მზის 30-დან 50-მდე მეგავატი სიმძლავრის პირველი ელექტროსადგურის ასაშენებლად.

“იქიდან გამომდინარე, რომ იაპონია არის მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა მოტივტივე მზის ელექტროსადგურების წარმოებასა და შექმნაში, მოხარულები ვიქნებით, თუ ამ მიმართულებით ერთმანეთთან ვითანამშრომლებთ და შემდეგ სამუშაოს შეხვედრას უკვე საქართველოში გავმართავთ”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ ჰოლდინგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, იაპონურმა კომპანიამ უახლოეს ხანებში საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა.

TEPCO მსოფლიოში უმსხვილესი, იაპონური ელექტრონერგეტიკული ჰოლდინგია, რომელსაც აქვს ასევე ფილიალები ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ლონდონში. ეს არის მსოფლიოში ცნობილი, ერთ-ერთი სტრატეგიული კონსორციუმი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ენერგეტიკულ კვლევებთან და ინოვაციებთან, მათ შორის მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება-განვითარებასთან.

Comments
Loading...