ქობულია: ბელარუსის მხარე მზად არის, გააძლიეროს ქართული პროდუქციის იმპორტი

3

“ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა, ბელარუსი ჩვენი ახლო და კარგი პარტნიორია, ამ ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკას მომავალში ძალიან წაადგება. ბელარუსის მხარე მზად არის, გააძლიეროს ქართული პროდუქციის, კერძოდ, კვების პროდუქტების იმპორტი”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველო – ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომის დასრულების შემდეგ.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, სხდომის შემდეგ მხარეების მიერ ძალიან მნიშვნელოვან ოქმს მოეწერა ხელი, რომელიც საქართველო-ბელარუსს შორის თანამშრომლობის დამატებით საშუალებებს ხსნის.

სოფლის მეურნეობა, კერძოდ, კვების პროდუქტები და მეცხოველეობა, წარმოება, ტურიზმი, ტრანსპორტის სფერო, ტექნოლოგიები და ფარმაცია – ის სექტორებია, სადაც საქართველო და ბელარუსი თანამშრომლობის გაძლიერება-გაღრმავებას გეგმავენ. მათ შორის, გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოში ბელარუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება.

“ბელარუსს ასევე ძალიან ძლიერი მეცხოველეობის სექტორი აქვს, ამ მიმართულებით შეიქმნა საერთო პროექტი, კერძოდ, საქართველოში ბელარუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება, ისინი ჩვენ გადმოგვცემენ 100-ზე მეტ სპეციალური ჯიშის მსხვილფეხა საქონელს, რაც ამ სექტორის გაძლიერების და განვითარების საშუალებას მოგვცემს”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კიდევ ერთი სექტორი, სადაც ორი ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს და მომავალში კიდევ უფრო მეტად გეგმავს ამ თანამშრომლობის გაღრმავებას, წარმოებაა. გიორგი ქობულიას განცხადებით, საუბარი შეეხო ტრაქტორების და ლიფტების ერთობლივ წარმოებას, რაც საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას იძლევა.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველო-ბელარუსს თანამშრომლობის ასევე ძალიან დიდი პერსპექტივები აქვთ ტრანსპორტის და ტექნოლოგიების სექტორში.

“ესაა როგორც სატვირთო გადაზიდვები, ასევე ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გავაიაფოთ ბელარუსიდან პირდაპირი რეისები, რათა იქიდან უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში. ასევე მოლაპარაკება ვაწარმოეთ ტექნოლოგიების დარგში – საქართველოს და ბელარუსის ტექნოლოგიურმა ცენტრებმა მოილაპარაკეს თანამშრომლობაზე, ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, თანამშრომლობის ასევე დიდი პოტენციალია – ბელარუსს აქვს ტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქცია”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველო-ბელარუსი ასევე აქტიურად ითანამშრომლებენ მედიცინის სფეროში – გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოში იხსნება ფარმაცევტული საწარმო, სადაც იწარმოება ის პრეპარატები, რომელთა იმპორტიც აქამდე ბელარუსიდან ხდებოდა.

“საქართველოში ჯი-ემ-პი სტანდარტების შემოღებასთან 2021 წლიდან იქნება ძალიან დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ საქართველომ აქ წარმოებული პრეპარატების ექსპორტიც კი გააძლიეროს”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Comments
Loading...