ქობულია: ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში კონტეინერების გადაზიდვა გაორმაგდება

7

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ “ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის” ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

შპს “ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალისა” და შპს “მედლოგ ჯორჯიას” ერთობლივი ძალისხმევით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ. დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი შესანიშნავი პროექტი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზებაში. მისივე შეფასებით, ეს არის პროექტი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ექსპორტიორ კომპანიებს, უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ საერთაშორისო ბაზრებზე.

“ტერმინალის პროექტი შესრულებულია უმაღლესი სტანდარტით, ცნობილი საერთაშორისო კომპანია ICTSI-ისა და მისი შვილობილი კომპანიის მიერ. ვიმედოვნებთ, რომ მათ პორტფელში ეს იქნება ერთ-ერთი წამყვანი პროექტი – საუბარია არამარტო სასაწყობო მეურნეობის განვითარებაზე, არამედ კომუნიკაციებზე, პორტთან მისასვლელი როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო გზების განვითარებაზე, ასევე პორტის მისადგომის დაღრმავებაზე.

ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა ასი პროცენტით – 100 000-დან 200 000-მდე გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია და დაგვეხმარება არამარტო აჭარის, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Comments
Loading...