ქართული პროდუქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

6

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, 3 ქართული კომპანია ჰონგ-კონგში ტყავის და ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში “APLF” მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას “აწარმოე საქართველოში” ავრცელებს.

აღნიშნული გამოფენა, რომელიც 13-დან 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბურია ამ სფეროში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. გამოფენა დაახლოებით 23 000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენს სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, კერძოდ: “გეფერინი”, “ჰუმანოიდი” და “კოსმო”. აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები.

Comments
Loading...