ქართველმა დიზაინერებმა, პარიზის მოდის კვირეულში ფარგლებში, 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის რეალიზაცია შეძლეს

11

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ქართველი დიზაინერების მიერ გაყიდულმა პროდუქციამ 2 149 653 (702 501 ევრო) ლარი შეადგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, 18 ქართველი დიზაინერი, 2019 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საფრანგეთში, ქ. პარიზში გამართული მოდის კვირეულში მონაწილეობდა. დიზაინერებს საკუთარი პროდუქცია კვირეულის ფარგლებში გამართულ საგამოფენო სივრცეებში (შოურუმებში) ჰქონდათ წარმოდგენილი. სააგენტოს ხელშეწყობით გამართული ანალოგიური ღონისძიებების შედეგად გაფორმებული კონტრაქტების კუთხით, ეს რეკორდული მაჩვენებელია.

სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, შოურუმში შემდეგი ქართული ბრენდები მონაწილეობდნენ: “BLIKVANGER”, “EN-DUO”, “KANCHAVELI”, “LAKO BUKIA”, “KETI CHKHIKVADZE”, “GEORGE KEBURIA”, “JANASHIA”, “LALO”, “0711 TBILISI”, “ANOUKI”, “DALOOD”, “TAMUNA INGOROKVA”, “LIYA”, “AKA NANITA”, “MATURELLI”, “LADO BOKUCHAVA”, “TIKO PAKSA”, “ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI”.

ღონისძიება, რომელიც წელიწადში ოთხჯერ იმართება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, 100-მდე კომპანია, 130 ცნობილი შემსყიდველი (ე.წ ბაიერი) და პრესის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შოურუმის ფარგელებში, თითოეული ბრენდის წარმომადგენელსა, თუ დიზაინერს საშუალება ჰქონდა დაემყარებინა ბიზნესკავშირები პოტენციურ დამკვეთებთან, ასევე, მოეხდინა საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის რეალიზაცია.

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობით, მხარს უჭერს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

Comments
Loading...