ფხაკაძე: რატომაა საფრთხე ავტოგასამართი სადგურების ქსელის რუსული კომპანიის მიერ შესყიდვა?

21

რუსულმა კომპანიამ საქართველოში რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი რომ იყიდოს, არ მესმის, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ამით საქართველოს ეკონომიკას? – განაცხადა “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ საქართველოში რუსული კომპანიების საქმიანობის გააქტიურების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად:

“პოლიტიკოსი არ ვარ, მე ბიზნესის ენაზე გპასუხობთ, რომ არის სტრატეგიული აქტივები, რომლებთან მიმართებაშიც საფიქრალია, ვინ იქნება მათი მფლობელი. რასაკვირველია, პირველ რიგში, ქვეყნის მთლიანობა გვაწუხებს. ამაზე საუბარი არ არის. თუ ჩვენ გავმსხვილდებით, ეს მხოლოდ წაადგება ქვეყნის ეკონომიკას. რაც შეეხება რუსული კომპანიების მონოპოლიის საფრთხეს, საერთოდ მონოპოლია ყოველთვის საფრთხეა და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ბოლო დღეებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ვისოლ ჯგუფის” ყიდვას რუსული “როსნეფტი” აპირებს. აღნიშნული ინფორმაციის საპასუხოდ “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც იგი არ ადასტურებს ცნობას კომპანიის გაყიდვის შესახებ.

“უფრო მეტიც, ვაცხადებთ, რომ ამ ინდუსტრიიდან გასვლას არ ვაპირებთ და საშუალო ვადიან პერსპექტივაში ჩვენი ჯგუფის ინტერესია ბიზნესის გამსხვილება, რის გამოც, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ ბაზარზე მოქმედ პატარა თუ მსხვილ სუბიექტებთან გაერთიანებას, რაც არის ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისა და წარმოების ჩვეულებრივი პრაქტიკა”,- ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...