ფრანგულმა Vinci Airports-მა ლონდონის გატვიკის აეროპორტი შეისყიდა

2

კომპანიამ Vinci Airports, რომელიც ფრანგულ Vinci SA-ს ეკუთვნის, ლონდონის გატვიკის აეროპორტის აქციების საკონტროლო პაკეტის 50,01%-იანი წილის შესყიდვის შესახებ შეთანხმება დაასრულა. შესაბამის ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

აღნიშნული შეთანხმების ღირებულება 2,9 მილიარდ ფუნტ სტერლინგს, ანუ 3,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

“ლონდონის გატვიკის აეროპორტი არის აქტივი, რომელსაც ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია და ეს შეთანხმება იდეალურად ჯდება Vinci-ს გრძელვადიან საინვესტიციო სტრატეგიაში”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეთანხმების წყალობით, Vinci Airports მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილესი ოპერატორი გახდება, რომელიც წელიწადში 240 მილიონ მგზავრს მოემსახურება, საიდანაც გატვიის აეროპორტის ნაწილი 46 მილიონი მგზავრი იქნება. ამ ეტაპზე, Vinci Airports მსოფლიოს 12 ქვეყანაში 46 აეროპორტს ფლობს.

ლონდონის გატვიკის აეროპორტი დიდ ბრიტანეთში რიგით მეორე უმსხვილესი აეროპორტია. 2019 წლის პირველ კვარტალში, აეროპორტმა მგზავრთნაკადის 4%-იანი ზრდა დააფიქსირა.

Comments
Loading...