“ფორინ პოლისი”: გაკვეთილები საქართველოდან, ტაივანიდან, კანადიდან, სამხრეთ კორეადან, ისლანდიიდან გვაჩვენებს, რომ კორონავისურის შეჩერება შესაძლებელია

31

ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს პანდემიის ეპიცენტრს: სამშაბათს გამოქვეყნებული ეპიდემიოლოგიური მოდელის თანახმად, მომდევნო თვეებში მილიონობით ამერიკელი შეიძლება დაავადდეს, ხოლო 100 000-დან 240 000-მდე ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს. ნიუ-იორკში, სადაც უკვე დადასტურდა 75 000 შემთხვევა, საავადმყოფოები უკვე გადატვირთულია და სახეზეა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო ინვენტარი უკმარისობა (მაგალითად, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და დამცავი ინვენტარი). ეს შემზარავი პროგნოზები გვიჩვენებს, რომ ვირუსის პიკი ჯერ კიდევ წინაა და სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.

პანდემიის პირობებში აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და სხვა გლობალურ ლიდერებს აკრიტიკებენ არასათანადოდ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების გამო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შეუძლებელი იქნებოდა კორონავირუსის შეჩერება ჩინეთში, სადაც ეს ვირუსი წარმოიშვა. ისეთ ქვეყნებს კი, როგორიცაა ტაივანი, სინგაპური და სამხრეთ კორეა, წარმატების მაგალითებად ასახელებენ ვირუსის გავრცელების გაკონტროლების და ინფექციის სტატისტიკის სწრაფი პროგრესიის შეჩერების მხრივ. ქვეყნები ემზადებიან კრიზისისთვის, რომელიც თვეობით გაგრძელდება. ჩვენ კი თავი მოვუყარეთ ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე ნიშანდობლივ სტატიებს და ინტერვიუებს იმის შესახებ, თუ როგორ პასუხობენ მთავრობები და მოქალაქეები მთელ მსოფლიოში COVID-19-ის საშიშროებას.

ტაივანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 21 იანვარს, თუმცა ქვეყანამ შეძლო გავრცელების შეკავება: 1 აპრილის მონაცემებით, დადასტურებულია მხოლოდ 329 დაინფიცირებული და გარდაიცვალა 5 ადამიანი. ტაივანი არ არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, რადგან ამისთვის აუცილებელია გაეროს წევრობაც, რომელიც ტაივანს არ აღიარებს. თუმცა, როგორც ჰილტონ იპი 16 მარტს წერდა, მთავრობამ დაიწყო აქტიური მოქმედება, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია უხანში აქამდე უცნობი დაავადების შესახებ. ჯერ კიდევ 31 დეკემბერს ტაივანმა, რომელიც ჩინეთის სანაპიროდან მხოლოდ 100 კილომეტრითაა დაშორებული, დაიწყო უხანიდან ჩამოსული ყველა მგზავრის შემოწმება, იანვარში კი დანერგა თვითიზოლაციაში მყოფთა კონტაქტების დადგენის სისტემა და გაზარდა სამედიცინო ინვენტარის წარმოება (ტაივანიდან პროდუქციის, მათ შორის ქირურგიული ნიღბების, ექსპორტი ჯერ არ განახლებულა).

იპის თანახმად, ტაივანის დროული და ეფექტიანი რეაგირება განპირობებულია წარსულის გამოცდილებით. „იმის გათვალისწინებით, რომ ტაივანს გადატანილი აქვს ყველაფერი, რაც მომდინარეობს თავისი დიდი მეზობლისგან (ყალბი ინფორმაციის გავრცელება, სამხედრო საშიშროება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფორმაციის დამალვა და 2003 წლის SARS ეპიდემია), ქვეყანაში უკვე კარგად აცნობიერებენ, რომ აუცილებელია სრული მზადყოფნა, როცა ჩინეთში ესა თუ ის მნიშვნელოვანი პრობლემა იჩენს თავს“, – წერს იპი.

სამხრეთ კორეამ, რომელშიც თავდაპირველად ჩინეთის საზღვრებს გარეთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეპიდემია დაფიქსირდა, შეძლო კორონავირუსის გავრცელების შეკავება მკაცრი კარანტინისა და კომენდანტის საათის გამოცხადების გარეშე. 23 მარტს დევი სრიდჰარი თავის სტატიაში აცხადებდა, რომ საყოველთაო ტესტირების სამხრეთკორეული მოდელი არის ვირუსის შეკავების ერთადერთი გზა, და რომ სხვა ქვეყნებმაც უნდა მიბაძონ აღმოსავლეთ აზიის გამოცდილებას. სამხრეთ კორეაში (მოსახლეობა: 51 მილიონი) სპეციალურ უბნებზე ყოველდღიურად ტარდება 20 000 ტესტი, ასევე აქტიურად გამოიყენება დაავადებულთა კონტაქტების დადგენის სისტემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.

„სამხრეთ კორეის მაგალითზე კარგად ჩანს ის სარგებელი, რომელიც ამ მოდელს მოაქვს: ჯანდაცვის სამსახურებზე ნაკლები ზეწოლაა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში“, – წერს სრიდჰარი.

დასავლეთში, კანადამ, ამერიკის შეერთებული შტატებთან შედარებით, შეძლო უფრო მასშტაბური ტესტების ჩატარება, როგორც ამამ გვამცნობს ჯასტინ ლინგი 13 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში. იანვარ-თებერვალში კანადაში დაიწყო ტესტების ჩატარების და კონტაქტების დადგენის ინფრასტრუქტურის აწყობა. ადრეულ ეტაპზე რეაგირება ნაწილობრივ ეყრდნობოდა 2003 წელს SARS ეპიდემიის გამოცდილებას, როცა კანადა აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა აზიის ფარგლებს გარეთ, სადაც დაფიქსირდა ფატალური შედეგები. კანადას აქვს კარგად დაფინანსებული ჯანდაცვის სისტემა და COVID-19-ზე ტესტირების კრიტერიუმები არ არის ისე შეზღუდული, როგორც აშშ-ში. „კანადა ბოლო 20 წლის განმავლობაში ემზადებოდა ამ მომენტისთვის. შემთხვევათა ადრეულ ეტაპზე ამოცნობის და პირველწყაროს დადგენის გზით კანადამ დღესდღეობით შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება“, – წერს ლინგი.

ზოგიერთი წარმატების ისტორია მოულოდნელობას წარმოადგენს. თავის პოდკასტზე (Don’t Touch Your Face) Foreign Policy-ს ჟურნალისტმა ეიმი მაკკინონმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს მიერ განხორციელებულია ადრეული რეაგირება. ქვეყნის სიმცირის და ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები, მათ შორის დაიხურა სკოლები და ჩატარდა მასშტაბური დიაგნოსტიკური ტესტირება. ამჟამად საქართველოში დადასტურდა 117 შემთხვევა და სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებელი. „ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთავრობა თავიდანვე სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს“, – განუცხადა მაკკინონს ქართველმა ჟურნალისტმა, ნატალია ანთელავამ. ასევე მნიშვნელოვანია ქართული ხასიათი: „ქვეყნისთვის კრიზისები უცხო არ არის. საქართველოს გადატანილი აქვს სამოქალაქო ომები და 2008 წელს რუსეთის მიერ ოკუპაცია, ასევე ძალიან მძიმე 90-იანი წლები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, – ამბობს ანთელავა.

მაკკინონი ასევე ესაუბრა ისლანდიელ ჟურნალისტს, ელენა კირიკს. ისლანდიაში დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სულ მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის მხრივ, თუმცა ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ამ ჩატარდა მსოფლიოში ყველაზე მეტი ტესტი სულ მოსახლესთან შეფარდებით. ამ საქმეს სათავეში უდგას რეიკიავიკის ერთ-ერთი კერძო სამედიცინო კვლევითი კომპანია. ეს კვლევა წვლილს შეიტანს პანდემიაზე გლობალურ რეაგირებაში. „ისლანდიის მაგალითზე გვაქვს მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების უფრო ნათელი სურათი. გავრცელების ზრდა ჩვენთან დაბალია, რადგან ადრეულ ეტაპზევე განხორციელდა კარანტინის ზომები იმ პირთა მიმართ, ვისაც შეიძლება ჰქონოდა ვირუსი“, – აცხადებს კირიკი.

ბევრი ევროპული ქვეყანა სრულ კარანტინშია. გამონაკლისია შვედეთი, რომელიც სტოიკურად უძლებს მაღალი რისკის ეპიდემიას. ქვეყანაში დაფიქსირდა 4947 შემთხვევა, მაგრამ მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის მაღალი ნდობის კულტურა გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეები პასუხისმგებლობას გამოიჩენენ იძულების გარეშეც. ამის შესახებ სტოკჰოლმიდან იტყობინებოდა ნატალი როტშილდი 23 მარტის სტატიაში. „არსებობს მოლოდინი, რომ მოქალაქეები დაიცავენ შესაბამის წესებს და აიღებენ პირად პასუხისმგებლობას: მოერიდებიან ხალხმრავალ ადგილებს, იმუშავებენ დისტანციურად, დაიცავენ დისტანციას საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასე შემდეგ, და ამისთვის იძულებითი ზომები აუცილებელი არ იქნება“, – წერს როტშილდი. მოდევნო 2 კვირა დაგვანახებს, რამდენად გამართლებულია ეს გათვლა.

სხვა ქვეყნებში მოსახლეობა მთავრობის ცოდნისა და უნარების მიმართ დიდი ნდობით არ გამოირჩევა. რუსეთში ცხოვრება ჩვეული რიტმით მიმდინარეობდა მარტის შუა რიცხვებამდე, როცა მედიცინის ექსპერტებმა კითხვის ქვეშ დააყენეს COVID-19-ის ოფიციალური სტატისტიკის დაბალი მონაცემები. ამს მოჰყვა ხელისუფლების სწრაფი რეაგირება: დაიხურა საზღვრები და დაიდო მასშტაბური ეკონომიკური სტიმულირების გეგმა, როგორც ამას იტყობინება მოსკოვიდან Foreign Policy-ს კორესპონდენტი, რიდ სტანდიში. „თუკი ვირუსის გავრცელების რეალური სურათი მართლაც უფრო მძიმეა, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაში მოცემული მაჩვენებლები, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მთავრობამ ხელიდან გაუშვა პანდემიის შენელების შანსი“. 2 კვირის შემდეგ (30 მარტი) სტანდიშის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კორონავირუსი შეიძლება შეიცავდეს სერიოზულ პოლიტიკურ გამოწვევებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის.

ასევე არსებობს სერიოზული ეჭვები ირანის სტატისტიკასთან დაკავშირებით: 1 აპრილის მონაცემებით, აქ იტყობინებიან 47593 შემთხვევას და 3036 ფატალურ შედეგს. როგორც მაისამ ბერავეში იტყობინება, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რეალური მაჩვენებლები ბევრად უფრო მაღალია და ირანი სინამდვილეში წარმოადგენს კორონავირუსის ეპიცენტრს. მაშინ, როცა იანვარში ჩინეთის სტატისტიკა იზრდებოდა, ირანის ხელისუფლებამ არ შეზღუდა მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის და, როგორც ჩანს, შეაყოვნა რელიგიურ ქალაქ ყუმში ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის გაცხადება, სანამ არ დაფიქსირდა COVID-19-ის პირველი ფატალური შემთხვევები. მას შემდეგ აქ გარდაიცვალა ბევრი მაღალი თანამდებობის პირი. ბერავეშის თანახმად, ირანის წარუმატებელი რეაგირების ნაწილობრივ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს გაცნობიერების ნაკლებობა.

„ირანის მხრიდან იმ კოლოსალური საშიშროების უგულებელყოფა, რომელსაც კორონავირუსი წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელებისთვის, ასევე მომდინარეობს ამ ტიპის კრიზისებთან სრულ გაუცნობიერებლობიდან. მართლაც, ვირუსი არ არის ქვეყნის შიგნით მომხდარი აჯანყება თუ გარე ძალების ინტერვენცია არსებული რეჟიმის დასამხობად. ეს არის მცოცავი და უხილავი მტერი, რომელიც ებრძვის მთლიანად საზოგადოებას და მოითხოვს მეცნიერებაზე დაფუძნებულ რეაგირებას“.

Comments
Loading...