ფეისბუქის თანადამაარსებელი აცხადებს, რომ სოციალური ქსელის მონოპოლიას წერტილი უნდა დაესვას

4

სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთმა დამაარსებელმა კრის ჰიუზმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელის მოქმედ ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ხელისუფლების, ან კერძო სექტორის რომელიმე წარმომადგენელს. ჰიუზი The New York Times-ში წერს, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ცუკერბერგს უნდა მოუწოდოს, წერტილი დაუსვას ფეისბუქის მონოპოლიას.

“ხელისუფლებამ მარკ ცუკერბერგს უნდა მოუწოდოს, აიღოს პასუხისმგებლობა. კანონმდებლები ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ გაკვირვებულები სოციალური ქსელის ფეთქებადი ზრდით და იგნორს უკეთებდნენ საკუთარ პასუხისმგებლობას ამერიკელების წინაშე ბაზრების კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით”, – წერს ჰიუზი.

მისი თქმით, ცუკერბერგი ფეისბუქის აქციების 60%-ს ფლობს და პირადად შეუძლია შეცვალოს ალგორითმები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ რა სახის ახალ ამბებს ხედავენ მომხმარებლები, პრივატულობის რა მექანიზმების დაყენება შეუძლიათ და რა სახის შეტყობინებები მიაღწევს მათთან. ფეისბუქის თანადამაარსებლის თქმით, ცუკერბერგი არამხოლოდ განსაზღვრავს მომხმარებლების უფლებებს, არამედ შეუძლია კონკურენტების დახურვა, ყიდვის, დაბლოკვის, ან ასლის გადაღების მეშვეობით.

ცუკერბერგის ძალაუფლებას მან უპრეცედენტო და არაამერიკული უწოდა. ჰიუზი აცხადებს, რომ ფეისბუქის მონოპოლიაზე სტატისტიკა მეტყველებს. იგი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 70% იყენებს სოციალურ ქსელებს, მათი უმრავლესობა კი სწორედ იმ საიტებზე შედის, რომლებიც ფეისბუქის მფლობელობაშია ( კომპანიას ეკუთვნის WhatsApp და Instagram).

ამასთან, ჰიუზი მარკ ცუკერბერგს კეთილ, კარგ ადამიანს ეძახის.

“თუმცა გაბრაზებული ვარ, რადგან კომპანიის ზრდაზე მისმა კონცენტრაციამ გამოიწვია ის, რომ მან მსხვერპლად შეწირა უსაფრთხოება და ზრდილობა”, – წერს ჰიუზი.

ჰიუზის თქმით, იგი იმედგაცრუებულია საკუთარ თავით და ფეისბუქის ადრინდელი გუნდით, რადგან ისინი არ დაფიქრებულან იმ გავლენაზე, რომელსაც მომხმარებლის სიახლეების ლენტაზე პასუხისმგებელი ალგორითმი ახდენს კულტურაზე, არჩევნებზე და ნაციონალისტური ლიდერების გაფართოების შესაძლებლობაზე.

ჰიუზი ფეისბუქის გუნდის წევრი 2004-დან 2007 წლამდე იყო. 2007 წელს მან დატოვა პროექტი, რათა შეერთებოდა ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიას, კერძოდ, იგი მუშაობდა პოლიტიკოსის საიტზე და მის სოციალურ-საინფორმაციო კამპანიაზე.

Comments
Loading...