- Advertisement -

უნიკალური 400 ქართული ხალხური სიმღერის და საეკლესიო საგალობლის აუდიოჩანაწერი ერთ გამოცემაში

15

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავის” საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ანსამბლის დამაარსებლისა და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის წიგნი – “რუსთავი 50”. გამოცემას თან ახლავს ანსამბლის მიერ შესრულებული, უნიკალური 400 ქართული ხალხური სიმღერის და საეკლესიო საგალობლის აუდიოჩანაწერი 16 კომპაქტ დისკით.

ანზორ ერქომაიშვილმა საინტერესოდ შეკრა ანსამბლ “რუსთავისადმი” მიღვნილი, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ცნობილი მოღვაწეების, მათ შორის, მუსიკოსების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამოჩენილი ადამიანების, პოლიტიკოსების აღფრთოვანებული წერილები, მსოფლიო პრესის გამოხმაურებები, უმდიდრესი ფოტომასალა. წიგნი სრულყოფილად და რეტროსპექტიულად ასახავს “რუსთავის” მიერ 50 წლის განმავლობაში წარმატებით განვლილ გზას და შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებს.

“თქვენ დრო დაამარცხეთ, რადგან ჭეშმარიტ ხელოვნებას ემსახურებით” – ასეთ შეფასებას აძლევს ანსამბლის 50 წლიან მოღვაწეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II.

„უაღრესად საგულისხმო და საინტერესოა ის შინაარსი, რითაც დატვირთულია გამოცემა. წიგნის ავტორი ერთგვარად თავს უყრის ქვეყნისათვის და ქართული კულტურისათვის ნახევარსაუკუნოვანი თავდადებული შრომის შედეგს. წიგნი „რუსთავი 50“ ბ-ნი ანზორის ერთგვარი სამადლობელო სიტყვაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მეგობრობისა და თანამდგომის როლი იკისრეს საქართველოში და მსოფლიოს წინაშე ანსამბლ “რუსთავის” წარმოჩენის და პოპულარიზაციის საქმეში,” – აღნიშნავს ანსამბლ “რუსთავის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გაბუნია.

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1968 წელს დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს.ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი “რუსთავი” დაჯილდოვებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.

Comments
Loading...