ტექინსპექტირების რეფორმის საინფორმაციო კამპანიაში კერძო სექტორი ჩაერთო

13

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საინფორმაციო კამპანიაში კერძო სექტორი ჩაერთო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს რამდენიმე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და 6 კომპანიის – ს.ს. “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას”, შპს. “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის”, შპს. “სან პეტროლიუმ ჯორჯიას”, შპს. “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას”, სს “გუდვილის” და ს.ს. “ნიკორა ტრეიდის” წარმომადგენლებმა მოაწერეს.

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა 2018 წლის 1 იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან მიმდინარეობს რეფორმის მე-3 ეტაპი, რომლის მიხედვით ტექინსპექტირებას ექვემდებარება ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ძრავის მოცულობა 3000 კუბურ სანტიმეტრი ან ან მეტია. 2019 წლის პირველი იანვრიდან ტექინსპექტირების გავლას დაექვემდებარება ყველა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

რეფორმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია (ტელევიზია, რადიო, სოცქსელები), თუმცა, უფრო მეტი შედეგის მისაღწევად დაგეგმილია საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო აქციების ჩატარება, რომლის განხორციელების პროცესშიც კერძო სექტორი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩაერთვება. მემორანდუმი ღიაა და ტექინსპექტირების რეფორმის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა სხვა კომპანიებსაც ექნებათ.

როგორც მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმის ფარგლებში საზოგადოებასთან დროული და სწორი კომუნიკაცია.

“ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მზადყოფნა გამოთქვა, რეფორმის ფარგლებში ჩვენთან ითანამშრომლოს. ვფიქრობთ, რომ ბიზნესისა და საჯარო სექტორების თანამშრომლობით ჩვენ ერთად მივაღწევთ დასახულ მიზანს და რეფორმა იქნება წარმატებული,” – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

“მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდოს მაქსიმალურად ეფექტურად, რათა ის რეფორმას შეხვდეს მომზადებული. ის 6 კომპანია, რომელმაც დღეს ხელი მოაწერა მემორანდუმს, გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მათ სავაჭრო ქსელებში, მათ ობიექტებში ყველგან განთავსდეს ინფორმაცია ტექინსპექტირების რეფორმის შესახებ. ეს სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია”, – განაცხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

Comments
Loading...